ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)

კომპიუტერული მეცნიერება

სწავლების ენა:  ინგლისური

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა:  240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი

მისაღები კონტიგენტი: 20

კოდი NAEC ცნობარში:  0100120

მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება

პროგრამის შესახებ  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა 2020 წელს შემუშავდა მსოფლიოს წამყვანი სასწავლო დაწესებულებებისა და საქართველოს უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საერთაშორისო ABET აკრედიტაციის სტანდარტების გათვალისწინებით.

პროგრამის შემუშავების, დანერგვისა და მისი განვითარების პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (San Diego State University, California), კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტსა (Karlsruhe Institute of Technology) და შტაინბუხის გამოთვლით ცენტრთან (Steinbuch Center of Computing). 

პროგრამა შემუშავდა 20-მდე მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის ჩართულობით, მათ შორის საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის, ორიენტ ლოჯიკის, Edison LTD-ის, Innotec LTD-ის, TulaCo-ს, Feedc-ის, Deutsche Post DHL Group-ისა და სხვ., რაც პროგრამას ბაზრის საჭიროებებზე მორგებულს ხდის და განაპირობებს მის უნიკალურობას, ჩვენს კურსდამთავრებულებს კი დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

პროგრამის მიზანი

კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის მიზანია სტუდენტები მოამზადოს პროფესიული კარიერისთვის კომპიუტერული მეცნიერების დარგში მათ მიერ არჩეული სპეციალიზაციით. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის საგანამანათლებლო პროცესს, საკონსულტაციო სერვისებას და მხარდაჭერის მექანიზმებს, რითაც მათ უზრუნველყოფს კომპიუტერული მეცნიერების სწრაფად განვითარებად და კომპლექსურ დარგში წარმატების მიღწევისათვის საჭირო ცოდნითა და უნარით.

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნებია:

  • კურსდამთავრებულს აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები კომპიუტერული მეცნიერების დარგში იმისთვის, რომ შეძლოს მაღალ პროფესიულ დონეზე საქმიანობა და ამით წვლილი შეიტანოს როგორც პროფესიული, ასევე ფართო საზოგადოების განვითარებაში; 
  • კურსდამთავრებულს განვითარებული აქვს ავტონომიურად მუშაობის უნარი, შეუძლია ჯგუფში ეფექტურად მუშაობა, როგორც ლიდერსა და ჯგუფის წევრს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა ორიენტირეულია საერთაშორისო სტანდარტებზე:

  • აკრედიტაციის საერთაშორისო მოთხოვნები (ABET)
  • ABET-ის მიერ აკრედიტებული საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების) საბაკალავრო პროგრამა

სწავლის ძირითადი მიმართულებები

  • კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლები;
  • ალგორითმები და დაპროგრამების თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • სისტემური და ქსელური დაპროგრამება;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები;
  • კიბერუსაფრთხოება და ეთიკა;
  • მონაცემთა ბაზის სისტემები;
  • ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება;
  • კომპიუტერული გრაფიკა;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია;
  • ბიოინფორმატიკა.

კურსების კომბინაციით პროგრამაში 4 შესაძლო კონცენტრაცია/მიმართულება გამოიყოფა: მანქანური სწავლების ინჟინერია, პრაქტიკული კომპიუტერული მეცნიერება, თეორიული კომპიუტერული მეცნიერება, მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია.

სწავლის შედეგები

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამით გათვალისწინებულია სწავლის შემდეგი შედეგების მიღწევა:

  • სტუდენტს შეუძლია გააანალიზოს კომპიუტინგის რთული პრობლემები, განსაზღვროს მათი გადაწყვეტის გზები კომპიუტინგისა და სხვა რელევანტური დისციპლინების პრინციპების გამოყენებით; 
  • სტუდენტს შეუძლია პროგრამის დისციპლინის კონტექსტში შექმნას, დანერგოს და შეაფასოს კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც პასუხობს გამოთვლის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • სტუდენტს შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიულ კონტექსტში;
  •  სტუდენტი აცნობიერებს პროფესიულ პასუხისმგებლობას და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას შეუძლია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება სამართლებრივ და ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით; 
  • სტუდენტს შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს როგორც ჯგუფის ლიდერმა ან ჯგუფის წევრმა პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინების შესაბამის აქტივობებში. 

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს ინტერაქციულ ლექციებსა და სემინარებს, აქტიური სწავლების მეთოდს, ანალიზისა და სინთეზის კომპონენტს, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მუშაობას, გონებრივი იერიშისა და რეფლექსიის მეთოდსა და პროექტებს.

შენიშვნა: კონკრეტული სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის და მოცემულია შესაბამის სილაბუსებში.

დასაქმების შესაძლებლობები  

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ქვემოჩამოთვლილ პოზიციებზე:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
  • მონაცემთა ანალიზის ინჟინერი
  • მანქანური სწავლების ინჟინერი
  • მობილური აპლიკაციების დეველოპერი
  • ვებდეველოპერი
  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
  • კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი
  • მკვლევარი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით
  • საინფორმაციო სისტემების მენეჯერი
  • სხვ.

პროგრამის სტრუქტურა

სტუდენტმა კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები და დააგროვოს 240 კრედიტი.

პროგრამის სტრუქტურა ეროვნული აკრედიტაციის მოთხოვნების შესაბამისად:

სულ 240 კრედიტი
თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული  60 კრედიტი
სწავლის ძირითადი სფერო   180 კრედიტი 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები