ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები

პროექტი ASSET 

2017 წლის 14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს + პროექტის Assessment Tools for new learning environments in higher education institutions / ASSET წევრების პირველი შეხვედრა. პროექტის მიზანია, კონსორციუმმა შეიმუშავოს თითოეული სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული განმავითარებელი შეფასების ინოვაციური და შემოქმედებითი ინსტრუმენტები და მათი გამოყენებით ხელი შეუწყოს საუნივერსიტეტო სივრცეში სასწავლო გარემოსა და სწავლისა და სწავლების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებში

2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განახორციელა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის განვითარების საგრანტო პროექტი – მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებში. პროექტის მიზანია პრაქტიკოსი მასწავლებლის მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების, თვითშეფასებისა და კოლეგების ურთიერთშეფასების, პროფესიული განვითარების რელევანტური ღონისძიებების დაგეგმვის უნარების განვითარება, სამიზნე სკოლების შიგნით და სკოლებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 88 ტრენინგი და 88 ონლაინ სამუშაო შეხვედრა. პროექტის მონაწილე 1100 მასწავლებელმა ჩაატარა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გაკვეთილები და დაესწრო კოლეგის გაკვეთილს.

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა

2017 წლის 6 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა, განათლების ადმინისტრირებისა და სპეციალური განათლების პროგრამების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა. სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვას ესწრებოდნენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, განათლების მკვლევრები, სკოლის დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და ის პედაგოგები, რომლებიც პრაქტიკის კვლევაში იყვნენ ჩართულნი.

საზაფხულო სკოლა

ინსბრუკსა და თბილისს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში ინსბრუკის მერიის მიერ სტუდენტებისათვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა. პარტნიორი მხარეები: ინსბრუკის მერია, ინსბრუკის უნივერსიტეტის ენების ცენტრი და ედკც. თანამშრომლობენ 2015 წლიდან. სამიზნე ჯგუფი: გერმანული ენის მასწავლებლის მომზადებისა და გერმანისტიკის სტუდენტები. 2017 წელს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს მასწავლებლის მომზადების პროგრამის 5 და გერმანისტიკის 2 სტუდენტი. პროგრამა სრულად ფინანსდება ინსბრუკის მერიის მიერ.

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია 2017

2017 წლის 18 მაისს ევროპული სკოლის ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია თემაზე: „წარმატებული სასწავლო პრაქტიკა ტოლერანტობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ინიციატივების წახალისებისათვის“. კონფერენცია მიზნად ისახავდა სასწავლო პროცესში განხორციელებული წარმატებული გამოცდილების გაზიარებას. კონფერენცია გახსნეს ევროპული სკოლის დირექტორმა ნანა მოსიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის დირექტორმა სოფიკო ლობჟანიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამჭოლი კომპეტენციების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი. გამომსვლელებმა ისაუბრეს დღეს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობასა და მათი პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობის აუცილებლობაზე. ასევე ამ თვალსაზრისით სკოლებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლას, სკოლებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობის როლის შესახებ. კონფერენციამ მუშაობა განაგრძო სექციებში, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ, როგორც ევროპული სკოლის საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელები, ისე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს სექციის ხელმძღვანელებმა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა – მანანა ვარაზაშვილმა, ეკა ტყავაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტმა ნინო ბესელიამ. მათ ყურადღება გაამახვილეს მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომების მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარების, მსგავსი ტიპის შეხვედრების კიდევ უფრო გააქტიურებისა და წარმოდგენილი ნაშრომების ინტერნეტსივრცეში განთავსების აუცილებლობაზე. ეს  მასწავლებელთა ფართო აუდიტორიას წარმოდგენილი წარმატებული სასწავლო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.

ილიაუნის ტრენინგი ქუთაისელი მასწავლებლებისთვის

2017 წლის 25 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო ჭიაბრიშვილმა, ქუთაისის სკოლების პედაგოგებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე: „ეფექტური კომუნიკაცია“. ტრენინგს 35-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. მონაწილეებს გადაეცათ დამადასტურებელი სერტიფიკატები. პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კინგსი საქართველო • Kings Georgia-ის თანამშრომლობის ფარგლებში.

ტრენინგი ახალციხის სკოლის დირექტორებისთვის

2017 წლის 18 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფიკო ლობჟანიძემ ახალციხის სკოლების დირექტორებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე: „დირექტორის როლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საქმეში“. ტრენინგს 35-მდე სკოლის დირექტორი ესწრებოდა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია კინგსი საქართველო • Kings Georgia თანამშრომლობის ფარგლებში.

ბანერები