ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ნუნუ კაპანაძის საჯარო ლექცია დარგობრივი თარგმანის პრობლემატიკის შესახებ

ღონისძიებები

2 დეკემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (Gesellschaft für deutsche Sprache) ადგილობრივი განყოფილება გიწვევთ პროფესორ ნუნუ კაპანაძის საჯარო მოხსენებაზე: Fachübersetzen – ein Streitapfel zwischen Fachleuten und Fachübersetzern? Der Fall Georgien.

საჯარო ლექცია ეხება დარგობრივი კომუნიკაციის ერთ-ერთი სფეროს, დარგობრივი თარგმანის პრობლემატიკას. იგი გლობალიზაციის პროცესების უმნიშვნელოვანეს თანმდევ ფაქტორს წამოადგენს, რადგან მისი მნიშვნელობა, ტრანსკულტურული დარგობრივი კომუნიკაციის ფარგლებში, მუდმივად იზრდება. ამ ვითარებაში საქართველო განეკუთვნება იმ უიშვიათეს ქვეყნებს, სადაც მთარგმნელისა და, მით უფრო, დარგობრივი მთარგმნელის, კვალიფიკაციის შეძენა და დადასტურება, კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით, საბაკალავრო განათლების ფარგლებში გათვალისწინებული არ არის. ვითარებას ვერ ცვლის უცხოური ენების ფილოლოგიების ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებში შეთავაზებული ცალკეული საგანი, რადგან ფილოლოგისა და, ამ შემთხვევაში, დარგობრივი მთარგმნელის კომპეტენციები საფუძვლიანად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ეს კი განპირობებულია მთარგმნელობითი კომპეტენციის მიმწოდებელი „ტრადიციული“ საგნების პარალელურად ენის თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების აუცილებლობით, როგორებიცაა, მაგალითად, მთარგმნელი მეხსიერებები, მთარგმნელი სისტემები კომპიუტერის გამოყენებით, ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბანკები, ტერმინოლოგიის სათარგმნი სისტემები და სხვა. ეს კი იმ დროს, როცა დარგობრივი მთარგმნელის პროფესია, დარგობრივი კომუნიკაციის აქტუალობის საფუძველზე, ერთ-ერთ საკმაოდ მოთხოვნად პროფესიათა ჩამონათვალშია ნებისმიერ ქვეყანაში. ოთხწლიანი საბაკალავრო საფეხურის შემდეგ სტუდენტი ითვისებს რეალურად გამოსაყენებელ პროფესიას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პროფესიის დაუფლება დამატებით დარგობრივ კვალიფიკაციასაც გულისხმობს, ხოლო ყოველივე ამის უზრუნველყოფა მხოლოდ სათანადო სასწავლო პროგრამების შემუშავების გზით არის შესაძლებელი.

დარგობრივი კომუნიკაციის თავისებურებიდან გამომდინარე, ხშირად დისკუსიის საგნად იქცევა ის, თუ რა კვალიფიკაციებს უნდა ფლობდეს დარგობრივი თარგმანის შემსრულებელი. აქტუალური რჩება შეკითხვა (მით უფრო ზემოთ აღწერილი ვითარების ფონზე საქართველოში), დარგის ექსპერტი უნდა ასრულებდეს დარგობრივ თარგმანს თუ ენის ექსპერტი. ამიტომ, მოხსენებაში ნიმუშების სახით წარმოდგენილი იქნება ქართულ დარგობრივ თარგმანში არსებული ვითარება. მოხსენების მიზანია, შედგეს დისკუსია საბაკალავრო განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოში „ახალი“ კვალიფიკაციების ჩართვის თაობაზე, რის აუცილებლობაც მკაფიოდ გამოიკვეთა, მით უფრო ისეთი პროფესიების დასაუფლებლად, რომლებიც პრაქტიკაზეა ორიენტირებული და რომლებზეც მოთხოვნა ნამდვილად არსებობს. ასეთი პრაქტიკული პროფესიების დასაუფლებლად გათვალისწინებული სასწავლო პროგრამები ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ბაკალავრიატის ფარგლებში ხორციელდება, ხოლო საქართველოში არსებული თარგმანის სამაგისტრო პროგრამები, ჯერ ერთი, სხვა მიზნებს ემსახურება და უნდა ემსახურებოდეს კიდეც, და, მეორეც, ბევრ შემთხვევაში აქაც ბევრი სიახლეა პროგრამებში შესატანი, თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით.

მომხსენებლის შესახებ

ნუნუ კაპანაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორია და მუშაობს დარგობრივი ტექსტის ლინგვისტიკის, კომპიუტერული ლინგვისტიკისა და დარგობრივი თარგმანის საკითხებზე.

ლექციის ენა: გერმანული

დრო: 2 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები