ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Nova Idea 2019 - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ასამაღლებელი მობილური პავილიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

„ნაბიჯი შენკენ“ სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსის “Nova Idea 2019” ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტი ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების – ელენე ქორიძისა და თამთა ჭელიძის ინიციატივაა.

2019 წლის 6 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში ორგანიზაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ პროექტის „ნაბიჯი შენკენ“ ფარგლებში შექმნილი მობილური პავილიონის პრეზენტაციას გამართავს. პროექტი ხორციელდება ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისი“, ევროკავშირისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. 

პროექტი მიზნად ისახავს გავრცელებული ფსიქიკური აშლილობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მის ფარგლებში აშენდა მობილური პავილიონი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალა, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას მნახველს კიდევ უფრო საინტერესო ფორმატში აწვდის. ეს არის თავისუფალი სივრცე, პლატფორმა, სადაც ადამიანები ღიად შეძლებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მათთვის აქტუალურ საკითხებზე საუბარს. პავილიონს არ აქვს კარი. მნახველი შიგ შესვლას მხოლოდ ალტერნატიული გზის მოძებნით შეძლებს. 

პროექტი აქცენტს აკეთებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სამ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე, ესენია: დეპრესია, შფოთვითი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ცნობილია, რომ ყოველი მე-6 ადამიანი ამ აშლილობებიდან ერთ-ერთის ტვირთს ატარებს ცხოვრების განმავლობაში. სამიზნე აუდიტორი შედგება ახალგაზრდებისგან, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისგან. მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწორედ მოზარდობის პერიოდია, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შესაძლოა თავი იჩინოს. ინფორმაციის გაცნობა იმის შესახებ, როგორ ამოვიცნოთ კონკრეტული მდგომარეობა, თვითდახმარების რა სტრატეგიები არსებობს ან რომელ პროფესიულ სერვისს შეგვიძლია მივმართოთ, პრევენციული საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გაღრმავების რისკს.

მობილური პავილიონი ყოველთვიურად შეიცვლის ადგილმდებარეობას, გადაინაცვლებს იქ, სადაც ახალგაზრდები იყრიან თავს სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, რეკრეაციულ ზონებში და ა. შ. სხვადასხვა დაწესებულებასთან თანამშრომლობით გაიმართება საჯარო დისკუსიები „Pavilion Talks” ახალგაზრდების მონაწილეობთ ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე.

მობილური პავილიონის პრეზენტაცია გაიმართა 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, „ფაბრიკაში“, შემდეგ განთავსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში. ხოლო ახლა მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში.

****

„ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ 2019 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები თამთა ჭელიძე და ელენე ქორიძე, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ეკა დვალიშვილი. სტუდენტების ინიციატივაა საზოგადოებაში ცნობიერებისა და სენსიტიურობის გაზრდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სტიგმის დაძლევა. 

ბანერები