ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

LIVE-შეხვედრების სერია: „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას.

მეხუთე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ თორია. 

თემა: „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“

ლექციის შესახებ 

მომხსენებელი ისაუბრებს წარსულის ინსტრუმენტალიზაციისა და მეხსიერების პოლიტიკის თავისებურებზე თანამედროვე, ე.წ. „პოსტსიმართლის“ (post-truth), ეპოქაში, როდესაც „ისტორიული სიმართლესა“ თუ „ნამდვილ ისტორიაზე“ პოპულისტურმა აპელირებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ყურადღება გამახვილდება სახელმწიფო პროპაგანდისა და პოლიტიკის კონტექსტში ისტორიის მიზანმიმართული დამახინჯების მექანიზმებზე, კერძოდ, აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ. პუტინი ისტორიულ არგუმენტებს 2008 წლის აგვისტოში რუსული არმიის საქართველოში შემოჭრის ლეგიტიმაციისთვის. ასევე საუბარი შეეხება საქართველოს წარსულში პუტინის „ექსკურსიების“ სხვა დეტალებს. კონკრეტულად, თუ რატომ მიიჩნევს და როგორ ამტკიცებს რუსეთის ლიდერი, რომ ისტორიის გაკვეთილებმა უნდა გაფანტოს მითი საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის ისტორიული საფუძვლების შესახებ. მომხსენებელი ისაუბრებს აგრეთვე ქართულ ისტორიულ ნარატივზე, რომლის ფარგლებში რუსეთთან კონფლიქტი კონცეპტუალიზებულია, როგორც დაპირისპირება ყოფილ მეტროპოლიასა და კოლონიას შორის ამ უკანაკსკნელის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისა და დასავლურ სივრცეში, „ევროპულ ოჯახში“, დაბრუნების აღსაკვეთად. 

მომხსენებლის შესახებ

2006-2008 წლებში მალხაზ თორია ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წლებში იყო  ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2014 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი ისტორიის მიმართულებაზე და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2015 წლიდან ხელმძღვანელობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრს; რიგი პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების (DAAD, OSF, Fulbright, რუსთაველის ფონდი და სხვ.) ფარგლებში მუშაობდა კვლევით პროექტებზე  ისეთ აკადემიურ დაწესებულებებში, როგორებიცაა : Central Europena University (ბუდაპეშტი, უნგრეთი); Zentrum für Literatur-und Kulturforschung (ბერლინი, გერმანია), The New School for Social Research (ნიუ იორკი, აშშ), The Harriman Institute, Columbia University (ნიუ იორკი, აშშ);  UC Berkeley (ბერკლი, აშშ), Mount Holyoke College (საუთ ჰედლი, აშშ),   Humboldt University (ბერლინი, გერმანია).  მის მიერ გაწეული კვლევის შედეგები აისახა  სხვადახვა  აკადემიურ ფორუმზე წარდგენილ მოხსენებებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში, მათ შორის – საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში.

დრო: 31 ივლისი, 19:00 საათი 

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი

ბანერები