ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის განცხადება

განცხადებები

8 დეკემბერს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეულ ლექტორთან, არჩილ გამზარდიასთან. ინტერვიუში ბატონი არჩილ გამზარდია ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარეობს მისი შევიწროება პოლიტიკური მოტივით.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ღირებულებას, რომლის პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებებით შეზღუდვა პრინციპულად მიუღებელია. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და ლექტორებს შორის არიან როგორც მოქმედი, ისე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ნებისმიერი თანამშრომლის შერჩევისას უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს არა მისი პოლიტიკური სიმპათიებით, არამედ ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: უნივერსიტეტის საჭიროებები, კანდიდატის პროფესიონალიზმი და უნივერსიტეტში მოქმედი ეთიკური ნორმების დაცვისათვის მისი მზადყოფნა.

რაც შეეხება ბრალდებას: ბატონმა არჩილ გამზარდიამ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატს მოგვმართა თხოვნით, შეგვემცირებინა მისთვის საათობრივი დატვირთვა, რადგან მას უნდა წაეყვანა გადაცემა 20/30. იმისთვის, რომ არ შეფერხებულიყო სასწავლო პროცესი, ჩვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოვიწვიეთ ლექტორები და, ასევე, არსებულ ლექტორებზე გადავანაწილეთ დარჩენილი სალექციო საათები.

მას შემდეგ, რაც შეწყდა ბატონი არჩილის საქმიანი ურთიერთობა გადაცემა 20/30-თან, მან, 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აიღო იმაზე ნაკლები მოცულობის სასწავლო დატვირთვა, ვიდრე მას ფაკულტეტი სთავაზობდა, რადგან, როგორც ის ამბობდა, მას ჰქონდა შემოთავაზება სხვა უნივერსიტეტის მხრიდან.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ფაკულტეტსა და ბატონ არჩილ გამზარდიას შორის არ განხილულა ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დრომდე ბატონ არჩილ გამზარდიას ოფიციალურად არ მიუმართავს არც ფაკულტეტისთვის და არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის რაიმე პრეტენზიით.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია ბატონი არჩილ გამზარდიას ბრალდება უნივერსიტეტის მიმართ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ფაკულტეტი მიმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დაიწყოს მოკვლევა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესის მიხედვით.

ბანერები