ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში“

ახალი ამბები

27 ივნისიდან 2 აგვისტომდე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული პერიოდში აკადემიასთან არსებულ კიევის სამართლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მასპინძლობს მეექვსე ყოველწლიურ საზაფხულო სკოლას თემაზე: „ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში“.  საზაფხულო სკოლის პარტნიორია Erasmus + პროექტი ევროპული კვლევების განვითარება კავკასიაში (DESCNET), რომლის კონსორციუმის წევრია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საზაფხულო სკოლა უმასპინძლებს 25 დაინტერესებულ სტუდენტს კავკასიის რეგიონიდან, ევროპიდან და აზიიდან. სკოლის მიმდინარეობისას სტუდენტები ჩაერთვებიან სასწავლო სესიებში, მონაწილეობას მიიღებენ სემინარებსა და დისკუსიებში. სკოლის მთავარი თემები ევროკავშირის გაფართოებას და ევროკავშირში გაწევრიანებამდე კავკასიის რეგიონის განვითარებას ეხება.

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა დისციპლინის (სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

სკოლის პროგრამა

სკოლის მიმდინარეობისას სტუდენტები მიიღებენ ფუნდამენტურ ცოდნას ევროინტეგრაციის ისტორიისა და პროცესების შესახებ სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივებიდან. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო აქტორის განვითარებას, მისი საგარეო პოლიტიკასა და ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გლობალურ და რეგიონულ დონეზე.

საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სკოლის სამუშაო ენა: ინგლისური

სკოლის ჩატარების ადგილი: ბათუმი, საქართველო

საზაფხულო სკოლის საფასური

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 140 ევროს. საფასური ფარავს სწავლის, სკოლის სასწავლო მასალების, კვების (საუზმე და სამხარი), განთავსების, შიდა ტურების, ექსკურსიისა და კულტურული პროგრამების გადასახადს. მონაწილეებმა თავად უნდა დაფარონ ბათუმამდე მგზავრობის საფასური.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი მზადაა დააფინანსოს საზაფხულო სკოლის ერთი მონაწილე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • კანდიდატი უნდა იყოს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი პოლიტიკის მეცნიერების, ევროპისმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მაღალ დონეზე ფლობდეს ინგლისურ ენას (მინიმუმ B2 დონე);
  • კანდიდატის საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 90-ს.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: arts_sciences@iliauni.edu.ge;

სკოლის მონაწილის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ „ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში“.

სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მოცემულ ვებგვერდს.

 

 

 

 

ბანერები