ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის გამარჯვებული გუნდები საქართველოს გლობალურ ჰაკათონზე წარადგენენ

ახალი ამბები

4 ოქტომბერს NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ფინალი გაიმართა. კონკურსზე ორი გამარჯვებული გამოვლინდა – პირველი ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკოპლექტებულმა გუნდმა, Fire Detector-მა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი – კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდმა,The2Degrees-მა. 

გამარჯვებული გუნდები საქართველოს ყოველწლიურ გლობალურ ჰაკათონ NASA Space Apps Challenge-ზე წარადგენენ.

გამარჯვებული გუნდების შესახებ

I ადგილი

გუნდის წევრები: NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ჟიურის წევრების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Fire Detector, რომლის წევრებიც გიორგი ტყებუჩავა, მარიამ შერეშაშვილი და კარლო თევზაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. 

პროექტის აღწერა: მათ მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის (Software) განვითარებას, რომელიც ადგილმდებარეობის მიხედვით გადაამუშავებს ხანძრის წარმოქმნასთან დაკავშირებულ ძველ მონაცემებს და შეძლებს სისტემაში ხანძრის წარმოქმნასთან დაკავშირებული ყველა სხვა დეტალის (ამინდის პროგნოზი, წელიწადის დრო, კვირის დღე, ტემპერატურა და სხვ.) გათვალისწინებას. 

პრიზები: გუნდი ჰაკათონის გენერალური სპონსორის, Beeline-სგან 2000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუნდის თითოეული წევრი 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დააჯილდოვა. კომპანია EDISON-მა კი გუნდს არდუინოს სრული კომპლექტი გადასცა.

II ადგილი

გუნდის წევრები: ადგილობრივი კონკურსის მეორე ადგილზე გავიდა გუნდი The2Degrees, რომლის წევრებიც კომაროვის მე-11 კლასის მოსწავლეები – დავით დომუზაშვილი, ალექსანდრე ლაშქარავა, ნიკოლოზ სვანიძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი არიან.

პროექტის აღწერა: მათ მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროექტის მიზანია რეგიონულ მთავრობებს დაეხმაროს კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ღონისძიებების განხორციელებასა და საქართველოს GHG ემისიების (პარიზის ხელშეკრულების მიხედვით) 25%-ით შემცირებაში 2030 წლამდე.

პრიზები: გუნდი SECTOR 3 განვითარების ჰაბისგან 1000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა. კომპანია EDISON-მა მათ არდუინოს კომპლექტი გადასცა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადაეცა გუნდის თითოეულ წევრს ვაუჩერით სარგებლობას ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულების საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდი

ჯგუფის წევრები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდის სტატუსი მოიპოვა გუნდმა Carbonodetectors. მისი წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ივანე კალატოიშვილი და ტუკაზბან ისაკანდაროვა.

პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში გუნდის წევრებმა შექმნეს ინდივიდუალური ნახშირორჟანგის გამოყოფის კალკულატორი. ვებაპლიკაცია მომხმარებელს შეკითხვებს უსვამს ყოველდღიური აქტივობების შესახებ, რათა გამოთვალოს მომხმარებლის მიერ გამოყოფილი CO2-ის ოდენობა. ამასთან აპლიკაცია ინახავს მონაცემებს, რომლებითაც ავტომატურად ავსებს შეგროვებულ მონაცემებში გამოტოვებულ დეტალებს.

პრიზები: გუნდის თითოეულ წევრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადასცა.

პროექტის შესახებ

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.

NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის მთავარი პარტნიორია „ბილაინი“. ჰაკათონის პარტნიორია Edison Store ელექტრონული კომპონენტები, რომელიც ჰაკათონის 2 გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად გადასცემს Arduino-ს სრულ კომოპლექტაციას. ჰაკათონის პარტნიორები არიან DataFest Tbilisi, Zoomout და Fablab Iliauni. პროექტის მედიაპარტნიორია Marketer.ge

წელს ჰაკათონს ჰქონდა 25 გამოწვევა 6 კატეგორიის მიმართულებით: დაკვირვება, ინფორმირება, შენარჩუნება, შექმნა, დაპირისპირება, დაკავშირება. მასში მონაწილეობის სურვილი 200-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ჟიურიმ კი საბოლოოდ 70 აპლიკანტი შეარჩია. 

NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ფინალი 4 ოქტომბერს გაიმართა.

ბანერები