ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია „ტოპოლოგიურ და ძლიერ კორელირებულ სისტემებში აღმოცენებული დაბალგანზომილებიანი კვანტური სისტემები"

ახალი ამბები

1-10 ივნისს თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ტოპოლოგიურ და ძლიერ კორელირებულ სისტემებში აღმოცენებული დაბალგანზომილებიანი კვანტური სისტემები", რომლის ძირითადი თემა იყო თანამედროვე ნანოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებულ მასალებში აღმოცენებული უჩვეულო დაბალგანზომილებიანი კვანტური სისტემების თვისებების შესახებ მიღებული უახლესი ექსპერიმენტული შედეგების და თეორიული მიდგომების განხილვა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პროფ. რაინჰოლდ ეგერი (დიუსელდორფის უნივერსიტეტი), პროფ. გიორგი ჯაყელი (შტუტგარტის უნივერსიტეტი) და ილიას უნივერსიტეტის პროფესორები – ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე.

ღონისძიება თანადაფინანსებული იყო ფოლკსვაგენის ფონდისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

კონფერენციაში მონაწილეობდა 60 მეტი წამყვანი მეცნიერი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან, მათ შორის მაქს პლანკის საზოგადოების შტუტგარტის მყარი ტანის ფიზიკისა და დრეზდენის კომპლექსურ სისტემათა ფიზიკის ინსტიტუტებიდან ოთხი მიმართულების დირექტორი, ჩრდილოეთის ქვეყნების თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (NORDITA) დირექტორი, აბდუს სალამის სახელობის ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP) კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის სექტორის ხელმძღვანელები, ბრაზილიის ფიზიკის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი და მრავალი ამ დარგის გამოჩენილი სპეციალისტი თუ წარმატებული ახალგაზრდა მკვლევარი ევროპის და ამერიკის სამეცნიერო ცენტრებიდან.

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ სტუდენტებიც საქართველოდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, ირანიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და უკრაინიდან.

ბანერები