ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის სტუდენტები საფრანგეთის არქიტექტურულ ბიენალეზე

ახალი ამბები

არქიტექტურის პროგრამის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და ბორდოს მუნიციპალიტეტის ინიციატივით გამართული პროექტი „აგორა“ – საქართველო: ორმაგი ლანდშაფტის კვლევა“, რომელიც ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა, სრულდება. პროექტი მიზნად ისახავდა, სტუდენტებს შეესწავლათ, თუ როგორ შეიძლება ურბანულმა  პროექტმა კონკრეტული სცენარითა და კარგად განსაზღვრული ფუნქციით შეცვალოს ბუნებრივი გარემო, რომლის სიმბოლური მაგალითია დასავლეთ საქართველოს ორი ქალაქი – ჭიათურა და წყალტუბო. პროექტის ფარგლებში, გარდა სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისა, ქართველი და ფრანგი ახალგაზრდებისათვის გაიმართა ორი ერთობლივი ვოქშოფი: ერთი – საქართველოში, რომელიც მიეძღვნა ზემოთ ხსენებული ქალაქების ვიზუალურ შეფასებას, პროექტისთვის აუცილებელი რუკებისა და ინფორმაციის მოძიებასა და გაანალიზებას; მეორე – ამავე ქალაქების სამომავლო განვითარების კონცეფციებზე მუშაობას და შემდეგი ორი სემესტრის მანძილზე სამუშაო გეგმის განსაზღვრას. ასევე ქართველ და ფრანგ სტუდენტებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას. 

სექტემბერში ქართველ სტუდენტთა – ნინო ცხადაიას, ია ოდიშარიასა და ნანა ივარდავას – ნამუშევრები ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება ბიენალე „აგორაზე“. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ქალაქგეგმარებითი ბიენალე „აგორა“, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქალაქ ბორდოში იმართება, წელს საქართველოს თემას ეძღვნება.

ბანერები