ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონის გამარჯვებული გამოვლინდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონის ფინალი 15 ნოემბერს გაიმართა. ჰაკათონი საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში მიმდინარეობდა.

ფინალურ ეტაპზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა გუნდებმა 22 საგანმანათლებლო თამაშის იდეა წარმოადგინეს. კონკურსის ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით ჰაკათონის გამარჯვებული გახდა გუნდი ENDER, რომელიც  საქართველოს სახელით გლობალურ ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას. 

გამარჯვებულ გუნდს სექტორ 3-სა და ფონდ პროდემოსისგან გადაეცა  ჯილდო 2000 ლარის ოდენობით; გუნდის თითოეული წევრი პროექტის პარტნიორისგან „თიბისი ახალი თაობისთვის“ ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერითა და ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრებით, ხოლო ალტასგან  Lenovo ThinkPad X1 ANC-ის ყურსასმენით  დაჯილდოვდა.  

მოსწავლეთა გუნდ „ნეიტრონს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის პროგრამირებისა და თამაშების განვითარების კურსებიდან სასურველი კურსი სრულად დაუფინანსდებათ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონკურსის ფარგლებში გამოავლინა რჩეული გუნდი Nameless, რომელსაც  1500 ლარის ოდენობის  ჯილდო გადასცა. 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდი გახდა Quick Game, რომელიც დააჯილდოვა  1500 ლარით.

გუნდები 2 დღის განმავლობაში მენტორებთან ერთად მუშაობდნენ იდეის დახვეწასა და პროტოტიპების ჩამოყალიბებაზე. 

ჟიურის წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ნანა დიხამინჯია ამბობს, რომ „ილიას უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებების განვითარებაზე, გარდა უახლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა ინჟინერიის მიმართულებით, ტექნოლოგიების სკოლა ცდილობს, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის განახორციელოს ისეთი საინტერესო ღონისძიებები, როგორებიცაა: ტრენინგები სხვადასხვა ტექნოლოგიაში, კონკურსები, ჰაკათონები და სამეცნიერო ბანაკები“. 

„ფაბლაბ ილიაუნისთვის მსგავს პროექტებზე მუშაობა და სტუდენტებისთვის ინოვაციური აზროვნების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა პროექტს, რომლებიც წარმოდგენილი იყო, შევთავაზებთ აქსელერაციის პროგრამას, რომელშიც ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბთან ერთად ილიაუნის აქსელერატორი ზუმაუთიც ჩაერთვება,“ – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ფაბლაბ ილიაუნის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი. 

„ჩვენი პროექტის მიზანია პანდემიის დროს და შემდეგაც სასწავლო პროცესი არ იყოს მოსაწყენი და საგანმანათლებლო თამაშებითა და ინტერაქციით შეძლონ ახალგაზრდებმა პროცესის გამრავალფეროვნება. ჩემი გუნდის სახელით მადლობას ვუხდი ჟიურის წევრებსა და პარტნიორებს, რომ ჩვენი პროექტი საუკეთესოდ მიიჩნიეს და  გლობალურ ჰაკათონზე ასპარეზობის შესაძლებლობა გვექნება“, – თქვა გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელმა ნიკოლოზ მელაძე-ჯაიანმა. 

„საუკეთესო ღონისძიება იყო, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა, რადგან პროექტმა საშუალება მოგვცა, მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები დავკავშირებოდით ერთმანეთს და გვემუშავა საგანმანათლებლო სივრცის გამრავალფეროვნებაზე“, –  აღნიშნა პროექტის მონაწილემ, ევროპის სკოლის მასწავლებელმა დავით ნოზაძემ.

პროექტს მხარს უჭერდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ჰაკათონის მედიაპარტნიორები იყვნენ NEXT.On.ge – მეცნიერება და ტექნოლოგიები და Marketer.ge

 

ბანერები