ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის პროფესორის, თეიმურაზ ზაქარაშვილის, ნაშრომი გავლენიან გამოცემაში Nature Physics გამოქვეყნდა

ახალი ამბები

გავლენიან გამოცემაში Nature Physics ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევრის, თეიმურაზ ზაქარაშვილის თანაავტორობით სამეცნიერო ნაშრომი "Alfvén wave dissipation in the solar chromosphere" გამოქვეყნდა.

ნაშრომში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერმა ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად პირველად აჩვენა პლაზმური ტალღების დისიპაციის დაკვირვებები მზის ატმოსფეროში, რაც სამეცნიერო გარღვევაა  ატმოსფერული პლაზმის გაცხელების პრობლემის ძიებაში.

მზე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწის ატმოსფეროსა და ჩვენი ცივილიზაციის შემდგომ სამეცნიერო-ტექნიკურ განვითარებაზე. მზის ზედაპირის (ფოტოსფეროს) ტემპერატურა რამდენიმე ათასი გრადუსია, ხოლო ზედა ატმოსფეროში (გვირგვინში) რამდენიმე მილიონ გრადუსს აღწევს. პლაზმის გაცხელების მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. გვირგვინის გაცხელების ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმი ითვალისწინებს პლაზმური ალვენის ტალღების გავრცელებასა და დისიპაციას. ალვენის ტალღები აღიძვრება მაგნიტური ველის ძალწირების რხევის შედეგად და ლაბორატორიულ და კოსმოსურ პლაზმაში მათი შესწავლა უკვე ნახევარი საუკუნეა მიმდინარეობს. თუმცა მათი დაკვირვება მზის ატმოსფეროში ძალიან გართულებულია.

დედამიწისზედა ტელესკოპის Dunn Solar Telescope (აშშ) და NASA-ს კოსმოსური მისიის Solar Dynamic Observatory-ის ერთობლივი დაკვირვებების შედეგად პირველად მოხერხდა ალვენის დარტყმითი ტალღებისა და მათი დისიპაციის პროცესის უშუალო დამზერა მზის ქრომოსფეროში, რომელიც ფოტოსფეროსა და გვირგვინს შორისაა მოქცეული.

„მზის ზედა ატმოსფეროს პლაზმა რაიმე გარე წყაროს გარეშე რამდენიმე საათში გაცივდებოდა. ამიტომ ალვენის დარტყმითი ტალღების დაკვირვება ნამდვილი გარღვევაა მზის ატმოსფეროს გაცხელების პრობლემის გადაჭრაში“, – ამბობს კველევის თანაავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი თეიმურაზ ზაქარაშვილი, – ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ ტემპერატურის მატებას ტალღების გავრცელების დროს, რაც პირდაპირ მიუთითებს ტალღების დისიპაციას“.

დაგეგმილი თეორიული მოდელირება და მაღალი გარჩევის დაკვირვებები მეცნიერებს უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მზის ატმოსფეროს გაცხელების იდუმალი მოვლენის საბოლოოდ ასახსნელად.

სამეცნიერო სტატია

S. T. D. Grant, D. B. Jess, T. V. Zaqarashvili, C. Beck, H. Socas-Navarro, M. J. Aschwanden, P. H. Keys, D. J. Christian, S. J. Houston, and R. L. Hewitt. Dissipation of Alfvén waves in the solar chromosphere. Nature Physics, 10.1038/s41567-018-0058-3, 2018

კონტაქტი

თეიმურაზ ზაქარაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი
temury.zaqarashvili@iliauni.edu.ge

ბანერები