ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის პროფესორების სტატია ჟურნალში ''Journal of ATMOSPHERIC and SOLAR-TERESTIAL PHYSICS''

ახალი ამბები

ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებმა გიორგი დალაქიშვილმა, გოდერძი დიდებულიძემ და მაია თოდუამ ჟურნალში ''Journal of ATMOSPHERIC and SOLAR-TERESTIAL PHYSICS'' გამოაქვეყნეს ახალი სტატია ''Formation of sporadic E (Es) layer by homogeneous and inhomogeneous horizontal winds". დარგის ავტორიტეტულ ჟურნალში ''Journal of ATMOSPHERIC and SOLAR-TERESTIAL PHYSICS'' ქვეყნდება მნიშვნელოვანი კვლევები მიძღვნილი ატმოსფერო-იონოსფეროსა და მზე-დედამიწა კავშირების შესწავლისადმი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკაში მომუშავე პროფესორებმა გოდერძი დიდებულიძემ, გიორგი დალაქიშვილმა და მაია თოდუამ შეიმუშავეს ქვედა თერმოსფეროში დაკვირვებადი გამტარი ფენის – სპორადული E ფენის ფორმირებისა და მისი ყოფაქცევის აღმწერი ახალი თეორია.

დედამიწის ატმოსფეროში არსებობს რეგულარული (სტაბილურად არსებობენ) და არარეგულარული (ფორმირდებიან და არსებობენ უმეტესწილად დაახლოებით ერთი ან ზოგჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში) გამტარი ფენები (ანუ იონოსფერო), რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე კავშირგაბმულობის განხორციელებაში. ამის დასტურია 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, გულიელემო მარკონის (Gugliemo Marconi) მიერ განხორციელებული პირველი ტრანსატლანტიკური რადიოსიგნალი. კორნვოლიდან (ინგლისი) გაგზავნილი დაბალსიხშირული რადიოსიგნალის მიღება ნიუფაუნდლენდში (კანადა) აიხსნება მხოლოდ ატმოსფეროში გამტარი იონიზირებული ფენის (იონოსფეროს) არსებობით. ატმოსფეროს 90-150 კმ სიმაღლეებზე (იწოდება ქვედა თერმოსფეროდ) დღის განმავლობაში ყალიბდება რეგულარული E ფენა (დაახლოებით 100-120კმ სიმაღლის რეგიონი). ეს ფენა ღამის განმავლობაში ქრება და დროდადრო, დაახლოებით ერთი ან რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩნდება მაღალი სიმკვრივის არარეგულარული, ძირითადად მეტალური იონების შედგენილობის სპორადული E (Es) ფენა, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს კავშირგაბმულობა. სპორადულ E ფენაზე დაკვირვებით შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია დედამიწასა და მისი ატმოსფეროს სხვადასხვა შრეში მიმდინარე პროცესებზე, ასევე მზე-დედამიწის კავშირებზე. კარლ გაუსმა ჯერ კიდევ 1839 წელს სწორედ დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებაზე დაკვირვებისას ივარაუდა ატმოსფეროში გამტარი ფენის (იონოსფეროს) არსებობა. NASA-ს მკვლევრები Nature Astronomy-ში ახლად გამოქვეყნებულ სტატიაში [G.A., Collinson et al. 2020] აღნიშნავენ, რომ სპორადული E ფენა 85 წელია კვლევის საგანია და არ არსებობდა მისი ფორმირებისა და ყოფაქცევის აღმწერი სრულყოფილი თეორია. გასული საუკუნის 60-იან წლებში შემოთავაზებულ იქნა სპორადული E ფენის ფორმირების თეორია, რომელიც ემყარება ქარის ვერტიკალური წანაცვლების არსებობას, ანუ ქარის სიჩქარე და მიმართულება სხვადასხვაა სხვადასხვა სიმაღლეზე (''Windshear'' theory). ეს თეორია ყოველთვის ვერ ხსნის სპორადული E ფენის ფორმირებას, მის ყოფაქცევას და ვერ პროგნოზირებს მის ფორმირებასა და ლოკაციას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა მიერ წარმოდგენილი თეორიის თანახმად, გარკვეული მიმართულებისა და სიდიდის თერმოსფერულ ქარს შეუძლია სპორადული E ფენის ფორმირება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქარის სიჩქარე და მიმართულება ერთნაირია სხვადასხვა სიმაღლეზე. ამ კვლევაში შესწავლილია ქვედა თერმოსფეროს სტრუქტურის როლი სპორადული E ფენის ფორმირებაში. ილიაუნის პროფესორთა ახალი კვლევა ანალიზურად და რიცხვითად აღწერს სპორადული E ფენის ფორმირებას, ყოფაქცევასა და მის მრავალფენიან სტრუქტურას – ეს მოვლენა ვერ აღიწერებოდა აქამდე შემოთავაზებული თეორიებით. ახალი თეორია, არსებული მექანიზმებისგან განსხვავებით, იძლევა სპორადული E ფენის ფორმირებისა და მდებარეობის (ზევით/ქვევით მოძრაობის) პროგნოზის შესაძლებლობას.

სპორადული E ფენის ფორმირებისა და ყოფაქცევის აღმწერი ახალი თეორიის ავტორები გოდერძი დიდებულიძე, გიორგი დალაქიშვილი და მაია თოდუა წარმოადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ატმოსფეროს, იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის ფიზიკის შემსწავლელ ჯგუფს, რომლის კვლევებს ხელმძღვანელობს გოდერძი დიდებულიძე. ახალი თეორიის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ატმოსფეროს, იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის ფიზიკის შემსწავლელი ჯგუფის მიერ გასულ წლებში მიღებულმა შედეგებმა. ამ კვლევების მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ გოდერძი დიდებულიძის კვლევა [დიდებულიძე, გ.გ. & ლომიძე, ლ.ნ.] ციტირებულია NASA-ს მკვლევრების მიერ Nature Astronomy-ში ახლად გამოქვეყნებულ სტატიაში [G.A., Collinson et al. 2020]. ილიაუნის პროფესორების მიერ შემუშავებული სპორადული E ფენის ფორმირებისა და ყოფაქცევის აღმწერი ახალი თეორია მნიშვნელოვანია ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკის კვლევის ნაყოფიერად გაგრძელებისთვის..

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S1364682620302121?dgcid=coauthor

ბანერები