ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ორგანიზებით გლობალური ჰაკათონის ASU/Devex შესარჩევი ეტაპი გაიმართება

ახალი ამბები

15-16 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოში პირველად არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დევექსის ერთობლივი გლობალური ჰაკათონის ASU/Devex შესარჩევი ადგილობრივი ჰაკათონი გაიმართება.

ჰაკათონის შესახებ

გლობალური ჰაკათონი ASU/Devex ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰაკათონია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით სტუდენტს აერთიანებს მსოფლიოსთვის აქტუალური გამოწვევების ირგვლივ.

წელს ჰაკათონს 5 გამოწვევა აქვს, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებს (UN SDGs) უკავშირდება.

სტუდენტები მთელი მსოფლიოდან შეეცდებიან სწორედ ამ გამოწვევების ირგვლივ განავითარონ იდეები და გამონახონ გამოწვევათა ინოვაციური გადაჭრის გზები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან მდგრადი პროექტები.    

გლობალურ ჰაკათონში მონაწილეობას მიიღებენ ის სტუდენტური გუნდები, რომლებსაც უნივერსიტეტები ადგილობრივი ჰაკათონით შეარჩევენ. თითოეულ უნივერსიტეტს შეუძლია გლობალური ჰაკათონის თითოეული გამოწვევის მიმართულებით მხოლოდ ერთი გუნდი გამოავლინოს და დაანომინიროს. 

გლობალური ჰაკათონის საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკოპლექტებული ჟიური სწორედ მათგან შეარჩევს გამარჯვებულ გუნდებს. ექსპერტები პროექტის შეფასებისას შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ:

  • შემოთავაზებული იდეის გავლენა და მასშტაბურობა;
  • მისი შესაბამისობა ტექნოლოგიებსა და ადგილობრივ კონტექსტთან;
  • პრეზენტაციის შესრულების ტექნიკა.


COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჰაკათონი ონლაინრეჟიმში გაიმართება.

▶️ ვის შეუძლია მონაწილეობა?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს, რომელსაც აქვს იდეა, ცოდნა, უნარები და სწრაფვა.

▶️ რის შესახებ იქნება გამოწვევები?

 5 მიმართულებით:

  • ბიზნესტრანსფორმაციის განვითარება;
  • კომუნიკაცია გავლენისთვის;
  • მონაცემთა რევოლუცია;
  •  მასშტაბური ინოვაცია;
  • ფინანსების განვითარების მომავალი.


გადაწყვეტა შეიძლება ეხებოდეს გამოწვევების ტექნიკურად მოგვარების გზებს, პოლიტიკურ იდეებს ან სოციალური ხასიათის კონცეფციებს. საწყის ეტაპზევე უნდა განსაზღვროთ, სად ფიქრობთ თქვენი იდეის განხორციელებას.

▶️ რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს. გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 5 ადამიანი.

▶️ პრიზი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ადგილობრივი შესარჩევი ჰაკათონის თითოეულ გამარჯვებულ გუნდს გადასცემს 1500-ლარიან ვაუჩერს, რომელსაც გამარჯვებული გუნდები საკუთარი საჭიროებისამებრ გამოიყენებენ.

▶️ ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?

ინგლისურის ცოდნა აუცილებელია, ვინაიდან თუ თქვენი პროექტი გაიმარჯვებს, მას Devex World-ზე წარადგენენ.

▶️ რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/xj7D9gtopue1AGp68

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი, 23:59 საათი

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები