ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დასრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ASU/Devex ჰაკათონი

ახალი ამბები

დასრულდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ASU/Devex ჰაკათონი, რომელიც არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ASU) და Devex-ის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა.

ფინალურ ეტაპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (UN SDGs) დაკავშირებული ორი გამოწვევის გარშემო შეიმუშავეს საინტერესო გადაწყვეტები, საბოლოოდ კი ჟიურის წევრებმა თითოეული კატეგორიიდან გამოავლინეს გამარჯვებულები.
გამარჯვებულ გუნდებს, რომლებიც გლობალურ ჰაკათონში საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას, საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკოპლექტებული ჟიური შეაფასებს.

ბიზნესტრანსფორმაციის განვითარებაში გამარჯვებული გუნდი გახდა ARTEMIS-ი, ხოლო მასშტაბურ ინოვაციაში – S-team-ი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ორივე კატეგორიის გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად 1500-ლარიანი პრიზი გადასცა.

გუნდები 2 დღის განმავლობაში მენტორებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ პრობლემის გადაწყვეტასა და საბოლოო იდეის დამუშავებაზე.

ჟიურის წევრმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნანა დიხამინჯიამ აღნიშნა, რომ „ამ ტიპის ჰაკათონები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. უპირველესად, დისტანციური სწავლების პირობებში საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სტუდენტები ჩავრთოთ სასარგებლო აქტივობებში – მათ შეუძლიათ საინტერესო ლექციების მოსმენა და გამოცდილ მენტორებთან თანამშრომლობა. მაგალითად, ამ ჰაკათონზე ჩვენი პროფესორების გარდა მენტორებად გვყავდა ცისკოსა და ეფლის ქართველი ინჟინრები, რომლებიც ამჟამად სილიკონის ველზე მუშაობენ. ამ ტიპის ღონისძიებები სტუდენტებს უბიძგებს, გაიაზრონ გლობალური პრობლემები და ლოკალურ კონტექსტში იმუშაონ მათ გადაწყვეტაზე.“

„ფაბლაბ ილიაუნი მოხარულია, რომ მსგავსი ტიპის პროექტებზე უწევს მუშაობა, ვინაიდან ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ სტუდენტების განვითარებასა და აკადემიურ აქტიურობას. ჰაკათონის ყველა მონაწილეს პროექტის დასრულების შემდეგ ექნება შესაძლებლობა გაიარონ ფაბლაბ ილიაუნისა და ზუმაუთის მიერ შეთავაზებული აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მათ იდეების განვითარებაში დაეხმარება, - ამბობს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი ავთანდილ მღებრიშვილი.

„ჰაკათონმა საშუალება მოგვცა კვალიფიციური და გამოცდილი მენტორების დახმარებით გვემუშავა ჩვენი იდეის ფორმირებასა და ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებაზე, რის შემდეგაც მის განსახორციელებლად სულ რამდენიმე ნაბიჯი რჩება. გუნდის სახელით მადლობას ვუხდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფაბლაბს, რადგან მაშინაც კი, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, არ წყვეტენ ჩვენთვის საინტერესო პროექტების შემოთავაზებას,” - თქვა გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ქეთევან ჟორჟოლიანმა.

„ჰაკათონი უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი იდეების რეალობად ქცევისთვის COVID-19-ის პირობებშიც კი. ამიტომ მნიშვნელოვანია ხელიდან არ გავუშვათ ასეთი შესანიშნავი შანსი, ერთად წარმოუდგენელსაც შევძლებთ!” – ამბობს გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წევრი ლუკა ბაბუნაძე.

ბანერები