ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ანტისტიგმა ილუსტრირებული წიგნი-დღიური მოზარდებისთვის

ახალი ამბები

ანტისტიგმა ილუსტრირებული წიგნი-დღიური მოზარდებისთვის

„ფანჯარა საკუთარ თავთან“

2020 წლის 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია მოზარდებისათვის წარმოადგენს ანტისტიგმა ილუსტრირებულ წიგნ-დღიურს „ფანჯარა საკუთარ თავთან“.

 COVID-19-ის პანდემიისა და შეზღუდვების გამო ორგანიზაცია წიგნის ონლაინპრეზენტაციას გვთავაზობს. პროექტი განხორციელდა ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, ევროკავშირისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ის ილიაუნის სტუდენტური საგრანტო კონკურსის ''NOVA IDEA 2019'' ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.

ანტისტიგმა ილუსტრირებული წიგნი-დღიური ემსახურება ფსიქოგანათლებას, ბრაზთან, სევდასთან, შიშთან, დანაკარგთან გამკლავების ეფექტური სტრატეგიების შემუშავების ხელშეწყობას. მტკიცებულებაზე დაყრდნობით, სწორედ მოზარდობის პერიოდშია შესაძლებელი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინოს თავი. ამ ტექნიკების ცოდნა, მათი პრაქტიკაში დანერგვა კი პრევენციული საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაღრმავების რისკს.

წიგნი-დღიური ერთი შეხედვით წიგნს ჰგავს, რომელსაც არ ჰყავს ავტორი, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მასზე მუშაობას დაიწყებს, თავად იქცევა მწერლად და შექმნის თავის ისტორიას, თავის წიგნს. წიგნ-დღიურს ჰყავს მთავარი პერსონაჟი, მეგზური, რომელიც მთელ ამ თავგადასავალში თან დაჰყვება პოტენციურ მწერალს და მისი მიზანია მოზარდებს მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მართვის სტრატეგიებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ტექნიკებზე, როგორებიცაა: ემოციური რეგულაციის სავარჯიშოები, სუნთქვის ტექნიკები, საკუთარ თავზე ზრუნვის სტრატეგიები, პრობლემაში რესურსის დანახვის სავარჯიშოები. წიგნში ასევე თავმოყრილია მოზარდების მიერ შექმნილი მხატვრული ჩანახატები, რომლებიც ჰყვებიან ისტორიებს, თავად როგორ უმკლავდებიან ემოციურ სირთულეებს, რაც საშუალებას მისცემს სხვა მოზარდებს დაინახონ და იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და სხვებიც იმავეს განიცდიან.

 ჩანახატები შექმნილია მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურული სახელოსნოს მოსწავლეების მიერ.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, წიგნი-დღიური გადმოიწეროს, მას ონლაინრეჟიმში გაეცნოს, იმუშაოს და დაწეროს თავისი ისტორია, რომელიც მასთან დარჩება. ეს იქნება ინტერაქციული პროცესი მწერალსა და წიგნს შორის.

***

ორგანიზაციამ „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ 2019 წლის 10 ოქტომბერს იმავე პროექტის ფარგლებში წარმოადგინა „მობილური ოთახი“, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია იყო ახალგაზრდები და მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, როგორებიცაა: შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ოთახში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალა, რომელიც მეცნიერულ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას კიდევ უფრო საინტერესო ფორმატში აწვდიდა მნახველს. „მობილურ ოთახს“ არ ჰქონდა კარი. მნახველს შიგნით შესვლა მხოლოდ ალტერნატიული გზის მოძებნით შეეძლო. პავილიონი ყოველთვიურად იცვლიდა ადგილმდებარეობას, ძირითადად ისეთ სივრცეებში გადაადგილდებოდა, სადაც ახალგაზრდები იყრიან თავს, მათ შორის ერთ-ერთი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

****

ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია 2019 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები თამთა ჭელიძე და ელენე ქორიძე, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ეკა დვალიშვილი. სტუდენტების ინიციატივაა საზოგადოებაში ცნობიერებისა და სენსიტიურობის გაზრდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებულ საკითხებზე და სტიგმის დაძლევა.


საკონტაქტო ინფორმაცია

ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია – თბილისი

თამთა ჭელიძე | ch.tamta@mail.com

ელენე ქორიძე | koridzelen@gmail.com

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები