ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

აკადემიური საბჭოს განცხადება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრუქტურული ცვლილებების საჭიროება განაპირობა მრავალმა ფაქტორმა, როგორც შიდასაუნივერსიტეტო გამოწვევებმა, ისე ადგილობრივ ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ და განათლების გლობალური ტრენდების ასახვის სურვილმა.

შესაბამისად, განხორციელდა სტრუქტურული რეფორმა, რომლის შედეგადაც:

ა) დაფუძნდა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი.

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტს გამოეყო საინჟინრო მიმართულებები და დაერქვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი.

რეფორმის კომპონენტებზე მუშაობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნა 2019 წლის იანვარში, ახალი სემესტრის დაწყებამდე. რეფორმების ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ბიზნესის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლები, რეკომენდაციებით მიმართა აკადემიურ საბჭოს, რომლის გადაწყვეტილებაც რეფორმის თაობაზე დაადასტურა წარმომადგენლობითმა საბჭომ.

ჩვენთვის მოულოდნელი და გაუგებარი პოზიცია დაიკავა ამ პროცესების მიმართ გიორგი ქადაგიძემ, რომელმაც საჯარო განცხადებაში აღნიშნული ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  გიორგი ქადაგიძემ ცვლილებების პროცესის დაწყების შემდეგ (სკოლის საბჭოსთან კომუნიკაცია, სამუშაო ჯგუფის შექმნა) დაწერა მოთხოვნა ორკვირიან შვებულებაზე, ხოლო შვებულებაში გასვლამდე სხვადასხვა მიზეზით არიდებდა თავს შეხვედრებში მონაწილეობას.

აკადემიური საბჭოსათვის მიუღებელია უნივერსიტეტის სტრუქტურული რეფორმის დისკრედიტაციის ეს მცდელობა.

რაც შეეხება ბატონი გიორგი ქადაგიძის კომუნიკაციას აკადემიურ საბჭოსთან, ამის თაობაზე საბჭო დამატებით განმარტებებს გააკეთებს უახლოეს მომავალში.

ბანერები