ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასაქმება - ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების სერვისები

დასაქმება - ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების სერვისები

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი სტუდენტებს სთავაზობს კარიერული განვითარების სხვადასხვა სერვისს.

დასაქმების ფორუმი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის განმავლობაში ინტენსიურად იმართება სხვადასხვა კომპანიის დასაქმების დღეები, რომლის ფარგლებშიც კომპანია ხვდება შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს და წარუდგენს სხვადასხვა, მათზე მორგებულ ვაკანსიებს. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის კადრების შერჩევა ხდება ადგილზე.

გარდა თემატური ფორუმების და შეხვედრებისა, ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს წლის შემაჯამებელ დასაქმების კვირეულს და ფორუმს, რომელშიც ათეულობით კომპანია არის წარმოდგენილი აქტიური ვაკანსიებით. 2017 წლის შემაჯამებელ კვირეულსა და დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა 70-ზე მეტი კომპანია/ორგანიზაცია 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით.

სტუდენტები და კურსდამთავრებულები დასაქმების ფორუმის შესახებ ინფორმაციას იღებენ საუნივერსიტეტო ელფოსტის, ვებგვერდის, სოციალური ქსელების ოფიციალური გვერდების და ოფიციალური ჯგუფების (ილიაუნი Q & A; ილიაუნი - ARGUSI) მეშვეობით.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ვაკანსიების მოძიება/გაგზავნა ხდება ყოველდღიურად. სტუდენტური ვაკანსიების მოძიება გულისხმობს დამსაქმებლებთან მოლაპარაკების საფუძველზე სტუდენტებისთვის ნახევარგანაკვეთიანი ან სალექციო გრაფიკზე მორგებული სამუშაო პირობების შეთავაზებას, რაც ხელს შეუწყობს სწავლის პარალელურად მუშაობის შესაძლებლობას. კურსდამთავრებულებს კი მათი სპეციალობის შესაბამისი ეგზავნებათ.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა Unijobs-ის ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ, დარეგისტრირდნენ (ელექტრონულად ან სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ოფისში) და შედეგად ელფოსტის საშუალებით მიიღონ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია ვაკანტური პოზიციების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მათ უნარებსა და ინტერესებს.

Unijobs-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრირებული პირებისთვის ვაკანსიების შეთავაზება ხდება მისამართიდან: uni-jobs@iliauni.edu.ge

სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა Unijobs-ზე რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/5n5NPe

მოლაპარაკებები დამსაქმებლებთან - სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების მიზნით სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მუდმივად იღებს შემოთავაზებებს სხვადასხვა კომპანიისგან, რომელთა რეგისტრაციაც, შესაბამისი ვაკანსების არსებობის შემთხვევაში, პარალელურად მიმდინარეობს.

გარდა ამისა, დამსაქმებელთა რეგისტრაცია ყოველწლიურად მიმდინარეობს დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მიზნით. აღნიშნულ დამსაქმებლებთან ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ, ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნას და ფაკულტეტთან თანამშრომლობით ვცდილობთ, მათ მიერ გამოგზავნილი ვაკანსიები მივაწოდოთ სტუდენტებს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

თუ გსურთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისთვის ვაკანსიების შეთავაზება, შეგიძლიათ ვაკანსიის აღწერა გაგზავნოთ ელფოსტაზე: student.affairs@iliauni.edu.ge 

სტუდენტთა სტაჟირების პროგრამებში ჩართულობის უზრუნველყოფა და შიდა საუნივერსიტეტო სტაჟირებების ორგანიზება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ყველა ოფიციალურ სტუდენტური სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან, რომელიც ყოველწლიურად უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საჯარო სამსახურებში სტაჟირებას.

შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირება

გარდა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სტაჟირების პროგრამებისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ფაკულტეტებსა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებში სტუდენტების სტაჟირებას. შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები გადიან ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა სამსახურში და სტაჟირების დასრულების შემდეგ ხშირად იმავე სამსახურში იწყებენ მუშაობას.

სტუდენტებისთვის უფასო ტრენინგების უზრუნველყოფა

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ყოველ სემესტრში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის იმართება ტრენინგები:

  • რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის წერაში;
  • დამსაქმებლებთან გასაუბრებისა და თვითპრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებაში;
  • დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლება-მოვალეობების შესახებ;

ტრენინგებს ატარებენ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე მოწვეული HR-ები სხვადასხვა ორგანიზაციიდან და კომპანიიდან.


საკონტაქტო ინფორმაცია: 

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები.

F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5

საკონტაქტო პირი: ნინო სიხარულიძე

ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46

E-mail: uni-jobs@iliauni.edu.ge ; student.affairs@iliauni.edu.ge ; nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

ბანერები