ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრები სამეცნიერო კაფეში

სამეცნიერო კაფე: „ბიომოლეკულების ქირალობა და სიცოცხლის წარმოშობა“

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში პროფესორი აქსელ ბრანდენბურგი (ნორდიტა/ სტოკჰოლმი) წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ბიომოლეკულების ქირალობა და სიცოცხლის წარმოშობა“.

თემის მოკლე აღწერა: 

დედამიწის ცოცხალი ორგანიზმების მოლეკულებს გარკვეული სახის ქირალობა ახასიათებთ. ეს ნიშნავს, რომ ნახშირბადის ირგვლივ არსებული ოთხი ბმის სივრცითი განლაგება მისი  სარკისებური გამოსახულებისგან განსხვავებულია. ასევე ცნობილია, რომ ამონიმჟავებისა და ბირთვული მჟავების პოლიმერების აგებისთვის აუცილებელი პოლიმერიზების რეაქციები მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს, როცა ყველა მონომერს მსგავსი ქირალობა ახასიათებთ. ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით, არაცოცხალ მატერიებში ორივე ქირალობას მსგავსი პროპორციები აქვთ. რამ განაპირობა სიცოცხლის წარმოშობა? ითამაშა თუ არა ამაში გარკვეული როლი პოლარიზებულმა სინათლემ? თუ ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ქირალობა ბუნების ოთხ ფუნდამენტურ ძალათაგან ერთ-ერთმა, სუსტმა ძალამ განაპირობა, რომელსაც, თავის მხრივ, არასარკისებური სიმეტრია ახასიათებს? მომხსენებელი განმარტავს, რომ საკუთრივ სიცოცხლემ, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო მხოლოდ ერთი სახის ქირალობის განვითარებას, მარსზე, ევროპასა თუ კიდევ სხვაგან ეს პროცესები შესაძლოა, განსხვავებულად განვითარებულიყო. ლექციაზე ასევე განხილული იქნება 1979 წლის ვიკინგის ექსპედიციის მოდიფიცირებული ექსპერიმენტის პოტენციალი ამ ტიპის ქირალობის აღმოჩენასთან დაკავშირებით.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორმა აქსელ ბრანდენბურგმა სადოქტორო დისერტაცია 1990 წელს ჰელსინკის უნივერსიტეტში დაიცვა. ნორდიტასა (ჩრდილოეთის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, კოპენჰაგენი) და ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის (ბოულდერი/ კოლორადო) ობსერვატორიაში ორი პოსტსადოქტორო კვლევის განხორციელების შემდეგ იგი  ნორდიტას ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე აირჩიეს, ერთ წელიწადში კი (1996) ნიუქასლის უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის სრული პროფესორის პოზიციაზე დაინიშნა. 2000 წელს კვლავ ნორდიტას დაუბრუნდა სრული პროფესორის სტატუსით. 2007 წელს, როდესაც ნორდიტა შვედეთში გადავიდა, ბრანდენბურგი სტოკჰოლმის ასტრონომიის დეპარტამენტის პროფესორი გახდა. 2009 წელს ევროპის კვლევების საბჭომ მას უმაღლესი გრანტი გამოუყო ასტროფიზიკური დინამოს კვლევისთვის. 2014 წელს  აირჩიეს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად, 2015 წელს კი ჯორჯ ელერი ჰეილის ფონდის მხარდაჭერით კოლორადოს უნივერსიტეტის (ბოულდერი) მოწვეულ პროფესორად დაინიშნა სამი წლის ვადით.   

აქსელ ბრანდენბურგი ასტროფიზიკური ჰიდროდინამიკის სფეროში მოღვაწეობს. მას ასევე აინტერესებს ასტრობიოლოგიის ცალკეული მიმართულებები, კერძოდ, ჰომოქირალობის საკითხი სიცოცხლის წარმოშობისას. მის ძირითად კვლევით ინტერსებში შედის ტურბულენტური მოძრაობების შედეგად მაგნიტური ველის წარმოქმნა მზესთან, ვარსკვლავებთან, აკრეციულ დისკებთან, გალაქტიკებსა და სამყაროს ადრეულ პერიოდთან მიმართებით. 1992 წელს მან პირველად განახორციელა კომპრესირებადი დინამოს სიმულაცია; აკრეციული დისკის ტურბულენტობის კვლევამ (1995) კი პირველად აჩვენა, რომ მაგნიტო-როტაციული და დინამოს არასტაბილურობა იწვევს მდგრად ორმაგად პოზიტიურ უკუკავშირს. ბრანდენბურგმა ჯერ კიდევ 1996 წელს დადგინა, რომ ფართომასშტაბიანი პრიმორდიალური ველები ინვერსიული კასკადის შედეგია. 2005 წელს ზედაპირთან ახლომდებარე გრადიენტული ფენებისგან ფორმირებული დისტრიბუციული სოლარული დინამოს ცნება შეიმუშავა. ბრანდენბურგმა წვლილი შეიტანა დინამოს რამდენიმე ახალი ეფექტის აღმოჩენაში და დაადგინა, რომ მაგნიტური უბნების წარმოქმნა ჰიდრომაგნიტური ტურბულენტობის სტრატიფიკაციის ჩვეული შედეგია. 2011 წლიდან მან მზის ზედაპირზე და მზის ქარში მაგნიტური სპირალურობის განსაზღვრის ახალი მეთოდები შეიმუშავა და გამოიყენა. მის ნაშრომში ვარსკვლავთა აქტივობის ციკლების შესახებ დადგენილია, რომ 2.3 მილიარდ წელზე ნაკლები ასაკის ყველა გვიანი ტიპის ვარსკვლავს ორი ციკლი ახასიათებს. ბრანდენბურგი ასევე პასუხისმგებელია საჯარო წვდომის ვებგვერდის Pencil Code (https://github.com/pencil-code) მუშაობაზე, რომელიც მასობრივად პარალელურ სისტემებში კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების ამოსახსნელად გამოიყენება.

აქსელ ბრანდენბურგს გამოქვეყნებული აქვს 396 რეცენზირებადი სტატია. ასტროფიზიკის მონაცემთა სისტემაში (ADS) მისი h ინდექსი 61-ს შეადგენს. სამეცნიერო ხელმძღვანელობა გაუწია 13 დოქტორნატს, რომელთაგან 6 ამჟამად აკადემიურ თანამდებობას იკავებს.  მისი ყოფილი დოქტორანტია, მაგალითად, მაარიტ კაპილა (იგივე კორპი, მანტერე), რომელიც ამჟამად მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტში კვლევით  ჯგუფს ხელმძღვანელობს და, ამავე დროს, გიოტინგენის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.


დრო: 19 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა

დასწრება თავისუფალია.

ბანერები