ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის" ფარგლებში გამართული სემინარებისა და ექსპედიციების შესახებ

ახალი ამბები

ვიშეგრადის ფოდნის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი „V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის" 2018 წლის მაისში დაფინანსდა. პროექტის მონაწილეები არიან პრეშოვის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი), ბუნების ისტორიის მუზეუმი (უნგრეთი), სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი (აზერბაიჯანი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო).

პროექტის ხანგრძლივობაა 18 თვე.

პროექტის მიზანია, შეიქმნას ერთიანი ქსელი, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ბიოლოგები, გარემოსდაცვითი და სხვა არასამთავრებო ორგანიზაციები, ადგილობრივი პოლიტიკის შემქმნელები (სამინისტროში დასაქმებული მოხელეები) და ადგილობრივი საზოგადოება, რომლიც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვის უკეთესი კონცეფციებისა და პრაქტიკის განხორციელებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი რეგიონული სტრატეგიების გაუმჯობესებას კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების კონტექსტში.

პროექტის სამიზნე კვლევის ობიექტებს წარმოადგენენ წყლის ეკოსისტემები და მასში ბინადარი მაკროუხერხემლოები.

2018 წლის 14-25 სექტემბერს პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები და ექსპედიციები.

14 სექტემბერს გაიმართა სემინარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 19 სექტემბერს – ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 24 სექტემბერს – ლენქორანის უნივერსიტეტში.

საქართველოს ფარგლებში ექსპედიციები მოეწყო იმერეთის, ქვემო სვანეთის, რაჭის რეგიონში, ხოლო აზერებაჯანში – ლენქორანის, ასტარის, ლერიკისა და იარდიმლის რეგიონებში.

საქართევლოში განხორციელებული ღონისძიებების ორგანიზატორი იყო იქთიოლოგიისა და ჰიდრობიოლოგიიის მიმართულების ხელმძღვანელი ბელა ჯაფოშვილი. პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ექსპედიციებში საქართველოსა და აზერბაიჯანში ბელა ჯაფოშვილთან ერთად მონაწილეობდა ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ანი ბიკაშვილი და დოქტორანტი სოფიო გაბელაშვილი.

დამატებითი ინფორმაცია და ფოტოკოლაჟი შეგიძლიათ იხ. გვერდზე: https://www.facebook.com/BiodiversityCaucasus/

 

 

 

 

 

ბანერები