ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ტკიპის ახალი სახეობა აღწერა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა თეა არაბულმა მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი ტკიპის სახეობა აღწერა. ქართველი მეცნიერი 2017 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით მიწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა იაპონიაში, იბარაკის უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე, გამოყენებითი ენტომოლოგიისა და ზოოლოგიის ლაბორატორიაში.

თეა არაბულმა Oligonychus neocastaneae sp. nov. აღწერა წაბლიდან (Castanea crenata Sieb. et Zucc.). ახალი სახეობა მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით ძალიან ახლოს დგას იგივე მასპინძელი მცენარიდან აღწერილ ამავე გვარის სახეობასთან – Oligonychus castaneae Ehara & Gotoh, 2007, მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია აედიაგუსის ფორმა. ასევე განსხვავებულია ფეხების ქეტოტაქსია, კერძოდ, II ფეხის თათზე ჯაგრების რაოდენობა ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის. ახალი სახეობისთვის, მდედრისთვისაც და მამრისთვისაც, ჯაგრების რაოდენობა არის 11(1), რაც შეეხება O. castaneae-ას, ამ შემთხვევაში მდედრის ჯაგრების რაოდენობა არის 12(1), ხოლო მამრისა – 12(2).

Oligonychus-ის გვარში შემავალი სახეობების გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი სახეობა Oligonychus neocastaneae sp. nov. აშკარად განსხვავდება Oligonychus castaneae Ehara & Gotoh, 2007 და ამ გვარის სხვა სახეობებისგან.

ნაშრომში ასევე მოცემულია იაპონიაში გავრცელებული Oligonychus-ის გვარის სახეობების სარკვევი.

 

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები