ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასრულდა პროექტი „ჯავახეთის ზეგანის ტბების ეკოსისტემების კვლევა მდგრადი მონიტორინგისა და მეთევზეობის განვითარებისათვის“

2017 წელს დასრულდა 3-წლიანი პროექტი  ჯავახეთის ზეგანის ტბების ეკოსისტემების კვლევა მდგრადი მონიტორინგისა და მეთევზეობის განვითარებისათვის.

პროექტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ბელა ჯაფოშვილი

ძირითადი და დამხმარე პერსონალი: ჟანეტა შუბითიძე, მარინა ბოჟაძე,  მარინა გიოშვილი, ლევან მუმლაძე,  ანი ბიკაშვილი, სოფიო გაბელაშვილი, თათია ყულჯანიშვილი, ეკატერინე ფანქველაშვილი, გიორგი ეპიტაშვილი

პროექტის მთავარი მიზანი იყო:

ა. ფარავნის, საღამოს, ხანჩალისა და მადატაფას ტბების წყლის ქიმიური და ფიზიკური თავისებურებების შესწავლა;

ბ. ზოოპლანქტონის და ზოობენთოსის ბიომრავალფეროვნებისა და ბიომასების შესწავლა სეზონურ და წლიურ დინამიკაში;

გ. იხტიოფაუნის სახეობრივი მრავალფეროვნების, ასაკობრივი ჯგუფებისა და მათი თანაფარდობების, მორფომეტრიული მაჩვენებლების შესწავლა, ზრდის ტემპის, ქვირითობის ვადებისა და საქვირითე ადგილების, ნაყოფიერების, სიმწიფისა და ნაკვებობის კოეფიციენტების დადგენა.

დ. ტბების ქიმიური და ფიზიკური პარამეტრების მიხედვით ბენთოსური და პლანქტონური, ასევე იხტიოფაუნის შედარებითი სტრუქტურული ანალიზი.

ჩატარებულმა კვლევამ ოთხივე ტბაში მეტ-ნაკლებად აჩვენა ორგანული დაბინძურების კვალი, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა ტბა მადატაფაში. სენსიტიური ორგანიზმების მაქსიმალური რაოდენობა იყო ტბა ფარავანში, ამავე ტბაში დაფიქსირდა პლანქტონური ფორმების ყველაზე მაღალი სიჭიდროვე.

საკვლევი ტბების თევზის სახეობრივი მრავალფეროვნება და პოპულაციების მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ისტორიულ მონაცემებთან შედარებით. დღეისათვის  ერთ-ერთი დომინანტი სახეობაა ინვაზიური კარჩხანა, რომელიც ბოლო 20-30 წელიწადია გამოჩნდა ჯავახეთის ტბებში. მიუხედავად იმისა, რომ ფარავნის ტბა რამდენჯერმე აღემატება სიდიდით საღამოს ტბას, მეტად ღარიბია იქთიოფაუნით და თევზების რიცხოვნობით ფართობის ერთეულზე, რაც დაკავშირებულია, პირველ რიგში, გადამეტებულ ჭერასთან. დიდი პრობლემაა მიტოვებული სახლართი ბადეები, რომლებიც წყალში წლობით რჩება და თევზების დამატებითი სიკვდილიანობის მიზეზი ხდება.

პროექტის მსვლელობის დროს მოპოვებული მასალის ანალიზის საფუძველზე გამოქვეყნდა 6 სამეცნიერო სტატია. გარდა ამისა, მზადდება და ანალიზის პროცესშია რამდენიმე  პუბლიკაცია, მათ შორის ჯავახეთის ზეგანის ნემსიყლაპიებზე, წურბელებზე, მცირეჯაგრიან ჭიებზე, კიბოსნაირებზე, სხვა ბენთოსურ და  პლანქტონურ ჯგუფებზე, თევზებზე. დამუშავების პროცესშია აგრარული მეცნიერებების მატიანეში ბენთოსური ორგანიზმების ბიომრავლფეროვნების მიმოხილვის ანალოგიური სტატია ზოოპლანქტონზე.

პროექტის შედეგები 6 მოხსენებით წარადგინეს  4  საერთაშორისო კონფერენციაზე.

2015 წლის სექტემბერი, XV ევროპის იხტიოლოგთა კონგრესი. პორტუგალია, პორტო. მოხსენების თემა: კარჩხანას პოპულაცია მადატაფას ტბაში;

2016 წლის სექტემბერი, წყლის რესურსებისა და წყალბჭარბი ტერიტორიების III საერთაშორისო კონფერენაცია, რუმინეთი, ტულჩა, მოხსენების თემა: წყლის მწერების მრავალფეროვნება და სიმჭიდროვე სამხრეთ საქართველოს 5 მნიშვნელოვან ტბაში;

2016 წლის ნოემბერი, საერთაშორისო კონფერენცია – კავკასიის ეკოსისტემების წარსული, აწმყო და მომავალი, აზერბაიჯანი, ბაქო, მოხსენების თემა:  ფარავნის და საღამოს ტბების იხტიოფაუნა; განახლებული შეფასება;

2017 წლის სექტემბერი, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და ფაუნის კონსერვაციის პრობლემები, სომხეთი, ერევანი. მოხსენებების თემები: 

* ფარავნისა და საღამოს  ტბების ლითორალური ზონის ტაქსონების მრავალფეროვნება, დომინანტური ოჯახები და ინდიკატორული ჯგუფები

*  მადატაფას ტბის ოლიგოქეტები

*  ერთდღიურების მრავალფეროვნება საქართველოში 

გამოქვეყნებული სტატიები:

Japoshvili B., Bozhadze M., Gioshvili M. 2016. A review of benthic fauna biodiversity in Georgia, Annals of Agrarian Science 14, 7-10. 

Gabelashvili S., Bikashvili A., Shubitidze Zh., Gioshvili M ., Pankvelashvili E., Mumladze l., Japoshvili B. 2016. Family level distribution of macroinvertebrates of Madatapa, Khanchali and Bugdasheni lakes in Javakheti plateau (South Georgia), Proceedings of the institute of zoology VOL XXV, 116-127.

ბოჟაძე მ., ჯაფოშვილი ბ., ბიკაშვილი ა., შუბითიძე ჟ., გაბელაშვილი ს., 2016. ჯავახეთის ზეგანის ზოგიერთი ტბის (ფარავანი, საღამო, მადათაფა, ხანჩალი)  ჰიდროქიმიური რეჟიმის შეფასება, ზოოლოგიის ინსტიტუტის შრომები ტ. XXV, 28-35.

Japoshvili B, Mumladze L,  Murvanidze L. 2017. The population of Carassius gibelio (Bloch, 1782) and its parasites in Madatapa Lake (South Georgia), Iranian Journal of Fisheries Sciences 16 (2), 793-799. 

Gabelashvili S, Mumladze L, Bikashvili A, Sroka P, Godunko RL, Japoshvili B. 2018. The first annotated checklist of mayflies (Ephemeroptera: Insecta) of Georgia with new distribution data and a new record for the country, Turkich Journal of  Zoology.

Kuljanishvili T, Mumladze L, Kalous L, Japoshvili B. 2018. Fish species composition, sex ratio and growth parameters in Saghamo Lake (Southern Georgia), Biologia.

პროექტის მსვლელობის დროს პროექტის მონაწილეებმა სხვადასხვა ტაქსონომიურ ჯგუფში გაიარეს სტაჟირება შემდეგ ინსტიტუტებში:

SYKE ფინეთის გარეოსდაცვითი ინსტიტუტი, იუვასკილა – ანი ბიკაშვილი;

ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის ცენტრის ენტომოლოგიის ინსტიტუტი, ჩესკე ბუდეოვიცე – სოფიო გაბელაშვილი;

მასარიკის უნივერსიტეტი, მეცნიერების ფაკულტეტის ბოტანიკისა და ზოოლოგიის დეპარტამენტი, ბრნო – ჟანეტა შუბითიძე, ბელა ჯაფოშვილი,

ჩეხეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი, პრაღა – ეკატერინე ფანქველაშვილი. 

 


ბანერები