ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პრეზენტაცია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში

2011 წლის 6 მაისს ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში გაიმართა მონოგრაფიის `ბრძოლა ბათუმისთვის: 1921 წლის 18-20 მარტი~ პრეზენტაცია.

წიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით მომზადდა და გამოიცა. ნაშრომი ეძღვნება 1921 წლის  თებერვალ-მარტის ომის ბოლო ეტაპს – ბათუმის დაცვას თურქეთის ჯარებისაგან, რომლებიც ცდილობდნენ აჭარის მიტაცებას. ბრძოლა ბათუმისთვის უკავშირდება გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელს.
საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის სამხედრო შენაერთებმა, მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ქალაქი  შეუნარჩუნეს საქართველოს.

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ავტორები _ პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მალხაზ მაცაბერიძე, დოდო ჭუმბურიძე და ოთარ ჯანელიძე, ასევე სამხედრო აკადემიის რექტორი ანდრო ბარნოვი, კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი გივი მელაძე და სხვა. წიგნის წარდგინებას ესწრებოდნენ კასპის რაიონის საკრებულოს წევრები, სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

ოთარ ჯანელიძემ მუზეუმს საჩუქრად გადასცა მის მიერ პარიზიდან ჩამოტანილი საარქივო დოკუმენტი _ გიორგი მაზნიაშვილის 1925 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებული განცხადების ასლი გაზეთ `სამშობლოსათვის~ რედაქტორისადმი.

ბანერები