ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი 1960 წელს შეიქმნა აკადემიკოს გიორგი წერეთლის ინიციატივით და 1973 წელს სწორედ მისი სახელი მიენიჭა. 2010 წელს ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა.

სხვადასხვა დროს ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ ქართული მეცნიერების ისეთი აღიარებული წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: გიორგი წერეთელი, სერგი ჯიქია, გიორგი ახვლედიანი, სიმონ ყაუხჩიშვილი, კონსტანტინე წერეთელი, ვლადიმერ ფუთურიძე, ვალერიან გაბაშვილი, ალექსანდრე გვახარია, ვლადიმერ ახვლედიანი, ოთარ ცქიტიშვილი, ზურაბ შარაშენიძე, ვაჟა გვახარია, მიხეილ ჩხეიძე, ოლღა თედეევი, ალექსანდრე ალექსიძე, შოთა კურდღელაშვილი, ნოდარ კომახიძე, გიორგი ჭიპაშვილი, ლევან ნადირაძე და სხვანი.

ინსტიტუტის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს აღმოსავლური ენათმეცნიერების, აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის აქტუალური პრობლემების, აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ხალხებთან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხების კვლევა; ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური პროცესების, ისლამისა და კონფესიათაშორისი ურთიერთობების შესწავლა, ახლო და შუა აღმოსავლეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების გეოპოლიტიკური პრობლემების კვლევა როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პროცესთა კონტექსტში.

ინსტიტუტის სტრუქტურა:

  • ძველი აღმოსავლეთის ენების განყოფილება; 
  • სემიტოლოგიის განყოფილება; 
  • ინდურ-ირანული ენების განყოფილება;
  • სპარსული ფილოლოგიის განყოფილება; 
  • თურქოლოგიის განყოფილება; 
  • ბიზანტინოლოგიის განყოფილება; 
  • ახლო და შუა აღმოსავლეთის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება; 
  • ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილება; 
  • ზოგადი ფონეტიკისა და აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის ლაბორატორია;
  • ბიბლიოთეკა სამეცნიერო ლიტერატურისა და პერიოდიკის მდიდარი ფონდით.

ინსტიტუტის ეგიდით გამოდიოდა და გამოდის შემდეგი სამეცნიერო პერიოდული გამოცემები:

✔ „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო”
✔ „აღმოსავლური ფილოლოგია”
✔ „საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები”
✔ „მახლობელი აღმოსავლეთის ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები”
✔ „სემიტოლოგიური ძიებანი”
✔ „ტიპოლოგიური ძიებანი”
✔ „სპარსულ-ქართული ცდანი”
✔ „ჯევანმარდი”
✔ „ორიენტალისტი”
✔ „პერსპექტივა-XXI”

ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ დამუშავებული მრავალი მნიშვნელოვანი მონოგრაფია თუ სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებულია სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ქვეყანაში.
ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან, მათ შორის: კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტთან, საფრანგეთის აღმოსავლური ენებისა და კულტურების ეროვნულ ინსტიტუტსა და „ირანული და ინდური სამყაროს” კვლევით ჯგუფთან, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტთან, ამსტერდამის სოციალური ისტორიის ინსტიტუტთან, ჰოკაიდოსა და ოსაკას უნივერსიტეტებთან, გიოტენგენის უნივერსიტეტთან, მეხიკოს იბეროამარიკანას უნივერსიტეტთან, თეირანისა და გილანის უნივერსიტეტებთან, ერევნის, ბაქოს, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებთან და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტებთან. ინსტიტუტის თანამშრომლებს მრავალი ერთობლივი პროექტი აქვთ განხორციელებული უცხოელ კოლეგებთან ერთად. ინსტიტუტის თანამშრომლები არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრები არიან.

ინსტიტუტში ჩატარებულია მრავალი საერთაშორისო კონფერენცია.

ამჟამად ინსტიტუტში მუშაობს 51 მკვლევარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
➳ აკად. გ. წერეთლის ქ., 0162, თბილისი, საქართველო
☏  (995 32) 233 885; (995 32) 233 114; (995 32) 233 068.
☏  (995 32) 233 114; (995 32) 233 008.
✉ giorgi.sanikidze@iliauni.edu.ge; ✉ orientge@hotmail.com

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები