ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

აბასთუმანში საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს 1932 წლის 8 თებერვლის დადგენილებით დაარსდა პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომლის დირექტორად დაინიშნა ახალგაზრდა მეცნიერი ევგენი ხარაძე. ობსერვატორია მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს.

ყანობილის ასტრონომიული დაკვირვებებისთვის უნიკალური პირობები ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი რუსი ასტრონომის ს.გლაზენაპის დაკვირვებებმა აჩვენა. პროფესორმა გლაზენაპმა მცირე ლინზური ტელესკოპით გაზომა მჭიდრო ორმაგი ვარსკვლავების მდებარეობები. მისმა დაკვირვებებმა მაშინვე მიიპყრო ასტრონომთა ყურადღება. ცნობილი ამერიკელი ასტრონომი ს. ბერნჰამი 1893 წელს წერდა: „მის მიერ ჩატარებული დაკვირვებები, არა მარტო გაწეული სამუშაოს მოცულობის, არამედ მცირე ზომის ეკვატორიალის გამოყენების გამო, საბოლოოდ უჩვენებს, რომ ტიფლისის (ე. ი. აბასთუმნის) შემოგარენი მიზანშეწონილია ასტრონომიული სამუშაოებისთვის. თუ თქვენ შედეგების მიხედვით იმსჯელებთ და ეს, ცხადია, საუკეთესო გზაა, არსად ევროპაში არ არსებობს ასეთი მიზანშეწონილი ადგილმდებარეობა, თუ არ ჩავთვლით ჰამილტონის მთას, სადაც პირობები ასეთივე მიზანშეწონილია…“ 

1932 წელს ობსერვატორიის შესახებ პირველი ბრძანება დაიწერა და იმ დროსვე ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიული ობსერვატორიის ექსპედიციებმა აბასთუმნის ობსერვატორიის დროებით დასაკვირვებელ მოედანზე დადგეს ორი ინსტრუმენტი: ცეისის 13 სმ-იანი რეფრაქტორი და რეინფოლდის 15 სმ-იანი კომეტის მაძიებელი. ობსერვატორიის თავდაპირველი სამეცნიერო მიმართულება ცვალებად ვარსკვლავებზე დაკვირვება იყო, ამიტომ იმ წელსვე დაიწყო მოკლეპერიოდიანი ცვალებადი ვარსკვლავების პირველი ფოტოგრაფიული დაკვირვებები.

1932-1933 წლებიდან ობსერვატორიაში აქტიური სამუშაოები იწყება: იქმნება ლაბორატორიები, იდგმება საზომი იარაღები, იწყება სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და მექანიკური სახელოსნოს დაკომპლექტება, ექსკურსანტებისთვის იმართება საჯარო ლექციები და ლექცია-საუბრები.

პირველ წლებში ობსერვატორიის აღჭურვილობას შეადგენდა 40 სმ-იანი ცეისის ფირმის რეფრაქტორი ვიზუალური ობიექტივითა (საფოკუსო მანძილი – 680 სმ) და კორექციული ლინზით ფოტოგრაფირებისათვის, რეფრაქტორის ორი, 20 სმ-იანი ფოტოგრაფიული კამერა (საფოკუსო მანძილი – 100 სმ.), ჰალეს სპექტროჰელიოსკოპი ჰელიოგრაფიული მოწყობილობით, 44 სმ-იანი შმიდტის ანაბერაციული ტელესკოპი და 33 სმ-იანი რეფლექტორი (1932 წელს ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის მიერ დამზადებული). შემდეგ შეემატა დიდი ტელესკოპებიც, მათ შორის, 70 სმ-იანი მენისკური ტელესკოპი (1955 წ.), 53 სმ-იანი დიდი დაბნელების გარეშე კორონოგრაფი (1977 წ.) და 125 სმ-იანი რეფლექტორი (1978 წ), რაც დღეს ობსერვატორიის ყველაზე დიდ ტელესკოპად ითვლება. მთლიანად ობსერვატორიის ტექნიკურ ბაზაში თხუთმეტი ვარსკვლავიერი და სამზეო ტელესკოპია.

ობსერვატორიის სამეცნიერო-კვლევითი გეგმით მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება ელექტროფოტომეტრული დაკვირვებები სხვადასხვა ტიპის ცვალებად ვარსკვლავებზე, იზომება და ისაზღვრება ბნელ ნისლეულებში მკრთალ ვარსკვლავთა ფერის მაჩვენებელები, მზის სამსახურის სხვადასხვა ჯგუფი ატარებს ინტენსიურ დაკვირვებებსა და თეორიულ კვლევებს მზის ფიზიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე სხვადასხვა ტიპის გეოფიზიკური ხასიათის დაკვირვებებსა და ატმოსფეროს გაზომვებს. ობსერვატორიაში აგრეთვე მუშაობს კოსმოლოგიის დიდი ჯგუფი და მიმდინარეობს თეორიული კვლევები. 


                                                                                                                                           საკონტაქტო ინფორმაცია:

➳ გიორგი წერეთლის 3
 (+995 32) 2233875
 +9955 77237783
 observatory@iliauni.edu.ge

ბანერები