ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

დიმიტრი უზნაძის ბიოგრაფია

დიმიტრი უზნაძე (დაბ. 2 დეკემბერი, 1886, სოფელი ქვედა საქარა, ამჟამად ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გარდ. 9 ოქტომბერი, 1950, თბილისი), ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1918).

1904 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1909 წელს - ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იმავე წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში (გერმანია). მისი ნაშრომი ეძღვნებოდა ვ. სოლოვიოვის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და წარმოადგენდა ამ საკითხზე დაცულ პირველ სადისერტაციო ნაშრომს. 1913 წელს უზნაძემ ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის (უკრაინა) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით.

1909-1918 წლებში დიმიტრი უზნაძე მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. 1917-1918 წლებში იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილთან და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად აფუძნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. 1918-1950 წლებში იყო ამ უნივერსიტეტის პროფესორი და მის მიერვე დაარსებული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე იყო. 1935 წელს მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1941 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. დიმიტრი უზნაძე იყო როგორც სექტორის, ისე ინსტიტუტის დირექტორი. დღეს ეს ინსტიტუტი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი მთელ მსოფლიოში, მის სახელს ატარებს. 1933-1942 წლებში უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.

უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თაოსნობით შექმნილი "განწყობის თეორია", რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად. საკმარისია, აღინიშნოს, რომ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია "განწყობის ფსიქოლოგია" (D.N. Uznadze, "The Psychology of Set", New York, 1966). ამ მიმართულებით ინტენსიურ კვლევა-ძიებას საფუძველი ჩაეყარა 1923 წელს, როდესაც თსუ-ს პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში "ჩვენი მეცნიერება" (N 1) გამოქვეყნდა დ. უზნაძის სტატია. ჯერ კიდევ 1939 წელს სკანდინავიაში გამომავალ ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში "Acta Psychologica" გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი. სწორედ ამ დროიდან ქართველი მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობა მოექცა მსოფლიოს ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში. ამდენად, დღეს დიმიტრი უზნაძე სამართლიანად მიიჩნევა განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. გარდა ამისა, უზნაძე ითვლება ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. ჯერ კიდევ 1912 წელს მან გამოსცა "ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი", რითაც სათავე დაუდო ჩვენში ამ მიმართულებას.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი უზნაძე აქტიურად მონაწილეობდა 1910-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო საქართველოს სოციალ-ფერედალისტთა პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, 1917-1919 წლებში კი - საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე, მან ხელი მოაწერა "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს".

დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა 1950 წელს, 63 წლის ასაკში. დაკრძალულია თსუ-ს ბაღში.

მასალა აღებულია „ვიკიპედია“-დან (თავისუფალი ენციკლოპედია).

ბანერები