ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი SCERTS მოდელის ტრენინგზე დასასწრებად

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ერთად მსურველებს იწვევს SCERTS მოდელის 2-დღიან ვორკშოპზე დასასწრებად. 

SCERTS მოდელი მტკიცებულებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მიდგომაა, რომლის მეშვეობითაც ხდება აუტისტური სპექტრის ან მსგავსი დარღვევის მქონე ბავშვების კომუნიკაციისა და სოციალურ-ემოციური უნარების გაძლიერება სამ ძირითად სფეროზე ფოკუსირებით, ესენია: სოციალური კომუნიკაცია, ემოციური რეგულაცია და ტრანზაქციული მხარდაჭერა.

ვორკშოპი დაეთმობა შეფასებისა და ინტერვენციის საკითხებს, განვითარების სხვადასხვა დონისა და ასაკის ბავშვებთან, რის შედეგადაც მონაწილეები შეძლებენ:

1. განსაზღვრონ განვითარების ძირითადი საფუძვლები SCERTS მოდელის სფეროებისთვის;
2. გაეცნონ SCERTS მოდელის კურიკულუმს;
3. განსაზღვრონ ჩარევის ინდივიდუალური მიზნები, ამოცანები და სტრატეგიები ბავშვებისთვის, რომლებიც იმყოფებიან

  • პრევერბალური განვითარების საფეხურზე (სოციალური პარტნიორი);\
  • იწყებენ ენის განვითარებას და/ან აქვთ ექოლალია (ენობრივი პარტნიორი);
  • ენის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე (სასაუბრო პარტნიორი).

4. უზრუნველყონ სასწავლო და ემოციური მხარდაჭერა პროგრამირების ყველა ასპექტში და გამოიყენონ ტრანზაქციული მხარდაჭერა ინკლუზიისა და მშობლებთან მუშაობის პროცესში.

ვორკშოპს ჩაატარებს SCERTS მოდელის შემქმნელი და თანაავტორი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, დოქტორი ბარი მ. პრიზანტი. ბარი პრიზანტი აუტიზმის სპექტრის დარღვევების და კომუნიკაციური დარღვევების სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობის 40-წლიანი გამოცდილებით.

ვორკშოპი ჩატარდება ონლაინ ZOOM პლატფორმის საშუალებით.

დრო: 9/12/2020 – 16:00 – 23:00 საათი 10/12/2020 – 16:00 – 23:00 საათი

მონაწილეთა რაოდენობა: 20

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  •  აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ:
  • კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მაგისტრის ხარისხის მქონე ან პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  •  კლინიკური ფსიქოლოგიის ან ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხის მქონე ან პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • სპეციალური განათლების მაგისტრის ხარისხის მქონე ან პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

მსურველებმა 2020 წლის 27 ნოემბრამდე მისამართზე avsajanishvilitiko@gmail.com უნდა გამოგზავნონ:

  • რეზიუმე (ტელეფონის ნომრისა და მეილის მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი რაიმე მოწმობა.

ტრენინგი ჩატარდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება“ ფარგლებში.

ბანერები