სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: C

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: წერითი გამოცდა (ინგლისური ენის გამოცდა – B2 დონე, კაზუსი), გასაუბრება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სისხლის სამართლის მაგისტრი

პროგრამის მიზნები:

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური იურისტი, რომელსაც ექნება სისხლის სამართლის (მათ შორის, სასამართლო პრაქტიკის, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის ინსტიტუტების შესახებ) სისტემური ცოდნა, ასევე პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, და რომელიც შეძლებს სისხლის სამართლის სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, შესწავლა-გაანალიზებას და მათ გადაწყვეტას, რაც გამოადგება ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში როგორც საჯარო (სასამართლო, პროკურატურა, გამოძიების ორგანოები), ისე კერძო (ადვოკატურა) სექტორში.

მოკლე აღწერა:

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია, დაეხმაროს სტუდენტს სისხლის სამართლის პრაქტიკაში არსებული პრობლემების სიღრმისეულ შესწავლაში. ამ მიზნით სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტს სთავაზობს საერთო სასამართლოებისა და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის კურსს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დასაბუთების კურსი, რომელიც სტუდენტს მისცემს საშუალებას, გაეცნოს განაჩენის „ფორმებს“, მისი დასაბუთებისა და სტილისტიკური გამართულობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზნის მიღწევისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო სისხლის სამართლის, ევროპული სისხლის სამართლისა და შედარებითი სისხლის სამართლის პროცესის კურსებს, რომლებიც სტუდენტს მისცემს საშუალებას, გაეცნოს როგორც სისხლის სამართლის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებს (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს), ისე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სისხლის სამართლის სისტემებს.

პროგრამა მოიცავს ასევე სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთების კურსს, რითაც თავისუფლების პრეზუმფციის კონტექსტში სტუდენტი გაეცნობა ადამიანის უფლებების შემზღუდველი იძულების ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკას.

პროგრამა მოიცავს კურსს თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით ტერორიზმის სამართლებრივ-პოლიტიკურ ასპექტებთან დაკავშირებით და აგრეთვე კურსს სასჯელის მიზნებისა და მის დანიშვნასთან დაკავშირებით არსებულ პრაქტიკულ პრობლემებთან მიმართებაში. სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა ამავდროულად ორიენტირებულია სტუდენტის დასახმარებლად პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, პროგრამა სტუდენტს ასევე სთავაზობს კურსებს სისხლის სამართლის პროცესის მხარეების პრაქტიკული საქმიანობის შესახებ. პროგრამა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრობლემური და შედარებით-სამართლებრივი ასპექტები.

დასაქმების სფეროები:

  • შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • შესაბამისი პროფილის საჯარო სექტორი, მათ შორის პროკურატურა, სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელება;
  • ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • საადვოკატო საქმიანობა.
  • სისხლის სამართლის საკითხებში პრაქტიკოსი ექსპერტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები