საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

როგორ ცხელდება მზე მილიონ გრადუსამდე

ახალი ამბები

“Nature Astronomy”-ში დაიბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინდოელ, პოლონელ, იტალიელ, ბრიტანელ და ამერიკელ მეცნიერთა ერთობლივი ნაშრომი მზის ატმოსფეროში ფსევდოდარტყმითი ტალღების გავრცელების შესახებ. ამ მოვლენას მეცნიერები პირველად დააკვირდნენ, რაც სამეცნიერო გარღვევაა მზის გვირგვინის პლაზმის გაცხელების პრობლემის ძიებაში.

მზის ზედა ატმოსფეროს (გვირგვინის) ტემპერატურა რამდენიმე მილიონ გრადუსს აღწევს, რაც თითქმის 100-ჯერ მეტია, ვიდრე ზედაპირის (ფოტოსფეროს) ტემპერატურა. ტემპერატურა ნახტომისებურად იზრდება რამდენიმე ასეული კილომეტრის მქონე ფენის გასწვრივ. მზის გვირგვინის პლაზმა სითბოს რაიმე წყაროს გარეშე რამდენიმე საათში გაცივდებოდა. სითბოს წყარო ამჯერად უცნობია და ეს შეადგენს მზის გვირგვინის გაცხელების პრობლემას. ენერგია სავარაუდოდ გადადის უფრო მკვრივი ქვედა ფენებიდან მაგნიტური ველის გასწვრივ და აცხელებს გვირგვინის პლაზმას. თუმცა ენერგიის გადატანის პროცესი ჯერ დაკვირვებული არ არის.

NASA-ს კოსმოსური მისიების Interface Region Imaging Spectrometer (IRIS) და Solar Dynamics Observatory-ის ერთობლივი დაკვირვებების შედეგად პირველად მოხერხდა ფსევდოდარტყმითი ტალღებზე დაკვირვება მზის ლაქების (დიდი მაგნიტური სტრუქტურები მზის ფოტოსფეროში) გარშემო. „დაკვირვებულ ფსევდოდარტყმით ტალღებს გადააქვთ მზის გვირგვინის გაცხელებისთვის საკმარისი ენერგია, ამიტომ მათზე დაკვირვება გარღვევაა მზის ატმოსფეროს გაცხელების პრობლემის გადაჭრაში, – ამბობს კვლევის თანაავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი თეიმურაზ ზაქარაშვილი, ­– ნაწილობრივად იონიზირებული პლაზმის განტოლებების რიცხვითი დათვლების საშუალებით ჩვენ შევძელით დაკვირვებების მოდელირება, რაც უდიდესი მიღწევაა. დაგეგმილი მაღალი გარჩევის დაკვირვებები უფრო დეტალური ინფორმაციას მოგვაწვდის მზის ატმოსფეროს გაცხელების იდუმალი მოვლენის საბოლოო ახსნაში“.

სამეცნიერო სტატია

A. K. Srivastava, K. Murawski, B. Kuzma, D. P. Wojcik, Teimuraz Zaqarashvili, M. Stangalini, Z. E. Musielak, J. G. Doyle, P. Kayshap, B. N. Dwivedi. Confined pseudo-shocks as an energy source for the active solar corona. Nature Astronomy, 10.1038/s41550-018-0590-1, 2018

ბანერები