საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოყენებითი გენეტიკა

გამოყენებითი გენეტიკა

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: გასაუბრება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერებების მაგისტრი გამოყენებით გენეტიკაში

მოკლე აღწერა:

ამჟამად კერძო და საჯარო სექტორში მზარდი მოთხოვნილებაა კვალიფიციურ პროფესიონალებზე გამოყენებითი გენეტიკის დარგში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი რეგიონული ლიდერია გენეტიკურ კვლევებში, მათ შორის, კვლევებში, რომლებიც დნმ-ის პირდაპირ ანალიზს ემყარება, გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას კვალიფიკაციით - მეცნიერების მაგისტრი გამოყენებით გენეტიკაში. პროგრამას ემსახურება უნივერსიტეტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია, სადაც უკვე მერვე წელია, დნმ-ის პირდაპირი ანალიზია დანერგილი. პროგრამის ფარგლებში, ლექციებს კითხულობენ წამყვანი ქართველი, ევროპელი და ამერიკელი მეცნიერები პოპულაციური და ევოლუციური გენეტიკის, მიკრობიოლოგიის, ბიოქიმიის და სხვა დარგებში. სტუდენტებს ვთავაზობთ არჩევითი საგნების ფართო სპექტრს, რომელთა შორისაა GIS მოდელირება, ველური ბუნების კონსერვაცია და მრავალი სხვა. პროგრამას ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორტ ანდერსონი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში 2015 წლიდან მუშაობს. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებულ გაცვლით პროგრამებში (Tempus, Erasmus Mundus). პროგრამა 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საგნები (ინტენსიური სალექციო კურსები, რომლებიც მოიცავს ლექციებს, სემინარებსა და ლაბორატორიულ კურსებს) დაეხმარება სტუდენტს, მიიღოს საჭირო ტექნიკური თუ სამეცნიერო ცოდნა და განივითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოყენებითი გენეტიკის თანამედროვე მეთოდებში. ყოველივე ეს აუცილებელია მეცნიერების და მაღალკვალიფიციური ექსპერტების ახალი თაობის აღსაზრდელად, რომელსაც ექნება მსოფლიო დონის კვლევის, ექსპერტიზის ჩატარების, ცოდნის დაგროვებისა და ამ ცოდნის გადაცემის უნარი აკადემიურ, მმართველ, საწარმოო სფეროებსა და საზოგადოებაში.

ორწლიანი ინტერდისციპლინური კურსები ღიაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მფლობელებისა და იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც მიღებული აქვთ განათლება მართვის, სოციალურ და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დარგებში. კურსების საკმაო ნაწილს ინგლისურ ენაზე კითხულობენ ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები, ამიტომ მომავალი სტუდენტებისგან ველით ინგლისური ენის თუნდაც საბაზისო დონეზე ცოდნას - სტუდენტმა უნდა გაიგოს ინგლისურენოვანი ლექციები და იმუშაოს ინგლისურენოვან ლიტერატურასთან. პროგრამაზე სტუდენტი აგროვებს სასწავლო კურსებში 90 ECTS-ს სამი სემესტრის განმავლობაში, ხოლო მე-4 სემესტრში მუშაობს სამაგისტრო ნაშრომზე, რომელიც მოიცავს 30 ECTS-ს.

პროგრამაზე მიღებულ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ სერტიფიკატები ძირითადი ან დამატებითი კურსების გავლის შედეგად, რომლებიც ადასტურებენ მათ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

დასაქმების სფეროები:

გამოყენებით გენეტიკაში მეცნიერებების მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

  • ეპიდემიოლოგიურ, ფარმაცევტულ, კრიმინალისტურ, დაავადებათა კონტროლის ან სხვა ლაბორატორიაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა;
  • სამთავრობო, არასამთავრობო ან კერძო დაწესებულებაში, სადაც გამოიყენება გენეტიკური ექსპერტიზა - სოფლის მეურნეობის, კონსერვაციული ბიოლოგიის ან ეკოლოგიის დარგში;
  • კვლევით დაწესებულებებში - უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებში, საბუნებისმეტყველო მუზეუმში საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge


 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები