საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბუნებათსარგებლობა (MSC)

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები: ბუნებათსარგებლობა (MSC)

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: გასაუბრება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი ბუნებათსარგებლობაში (MSC in Natural Resources)

მოკლე აღწერა:

საქართველოს კერძო და საჯარო სექტორში მზარდი მოთხოვნილებაა კვალიფიციურ პროფესიონალებზე ბუნებათსარგებლობის მეცნიერების დარგში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი და მაღალრეიტინგული უნივერსიტეტია კავკასიაში, გთავაზობთ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამას კვალიფიკაციით - მეცნიერების მაგისტრი ბუნებათსარგებლობაში. პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ წამყვანი ქართველი და ევროპელი მეცნიერები ტყითსარგებლობის, ბუნებრივი და სატყეო რესურსების მდგრადი მენეჯმენტის და სხვა საჭირო დარგებში. სტუდენტებს ვთავაზობთ არჩევითი საგნების ფართო სპექტრს, რომელთა შორისაა GIS მოდელირება, გენეტიკური მეთოდების გამოყენება ეკოლოგიაში და მრავალი სხვა. პროგრამა 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებულ გაცვლით პროგრამებში (Tempus, Erasmus Mundus).

საგნები (ინტენსიური სალექციო კურსები, რომლებიც მოიცავს ლექციებს, სემინარებსა და საველე პრაქტიკას) დაეხმარება სტუდენტს, მიიღოს საჭირო ტექნიკური თუ სამეცნიერო ცოდნა და განივითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ყოველივე ეს აუცილებელია ბუნებათსარგებლობის მაღალკვალიფიციური ექსპერტების ახალი თაობის აღსაზრდელად, რომელსაც, ამავე დროს, ექნება კანონმდებლობის შექმნისა და აღსრულების, დაგეგმვის, ზედამხედველობის, ცოდნის დაგროვებისა და ამ ცოდნის გადაცემის უნარი აკადემიურ, მმართველ, საწარმოო სფეროებსა და საზოგადოებაში.

ორწლიანი ინტერდისციპლინური კურსები ღიაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მფლობელებისა და იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც მიღებული აქვთ განათლება მართვის, სოციალურ და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დარგებში. მეცადინეობები მიმდინარეობს ქართულად, მაგრამ ზოგიერთ კურსს ევროპელი პროფესორები ატარებენ ინგლისურ ენაზე. აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტი აგროვებს სასწავლო კურსებში 90 ECTS-ს სამი სემესტრის განმავლობაში, ხოლო მე-4 სემესტრში მუშაობს სამაგისტრო ნაშრომზე, რომელიც მოიცავს 30 ECTS-ს.

პროგრამაზე მიღებულ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ სერტიფიკატები ძირითადი ან დამატებითი კურსების გავლის შედეგად, რომლებიც ადასტურებენ მათ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  • იმუშაოს კვლევის, ანალიზისა და კონსულტაციის, ასევე სამეცნიერო კვლევების წარმოების და აკადემიური სწავლების მიმართულებით - უნივერსიტეტში, კვლევით ინსტიტუტებში;
  • იმუშაოს ეროვნულ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში;
  • იმუშაოს ველური ბუნების დაცვის პროფილის საკონსულტაციო ფირმებში;
  • იმუშაოს გარემოს დაცვის სამინისტროში; დაცული ტერიტორიების სააგენტოში, რომელსაც ექვემდებარება დაცული ტერიტორიები (ნაკრძალები, ეროვნული პარკები, აღკვეთილები);
  • იმუშაოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებში.
  • იმუშაოს კორპორაციულ სექტორში - ინფრასტრუქტურის განვითარების საერთაშორისო და ეროვნულ კომპანიებში;
  • იმუშაოს ბიორესურსების გამოყენების დაგეგმვისა და მართვის კომპანიებში, სამონადირეო მეურნეობებში;
  • იმუშაოს მულტილატერალური და ბილატერალური დონორების ეროვნულ ოფისებში, მათ პროგრამებსა და პროექტებში.
  • გააგრძელოს სწავლა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge


 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები