საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელექტრული ინჟინერია

ელექტრული ინჟინერია - SDSU-ს საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) (კალიფორნია, აშშ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ახორციელებს ელექტრული ინჟინერიის საერთაშორისო აკრედიტაციის* საბაკალავრო პროგრამას.

პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ლექციებს ქართველი სტუდენტებისთვის კითხულობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU)-დან მოწვეული ამერიკელი პროფესორები.

პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.

პროგრამის აღწერა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა გთავაზობთ სასწავლო კურსებს ელექტრული ინჟინერიის ძირითად სფეროებში:

  • ინფორმაციის გადამუშავებისა და გადაცემის მანქანები;
  • ელექტროენერგიის გამომუშავება და განაწილება;
  • ელექტრომაგნიტური ფენომენის შესწავლა და გამოყენება.

სწავლის დროს თეორიულსა და პრაქტიკულ საინჟინრო პრობლემებზე მუშაობა ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას. სასწავლო გეგმის მიზანია, მიაღწიოს თეორიასა და პრაქტიკას შორის ისეთ ბალანსს, რომელიც მოამზადებს კურსდამთავრებულებს როგორც დაუყოვნებლივ დასაქმებისთვის, ასევე, სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისთვისაც.

სწავლების მეთოდოლოგია

პირველი კურსის საგნები მოიცავს კალკულუსს, ფიზიკასა და ქიმიას. მეორე და მესამე წელს სტუდენტები გაივლიან სპეციფიკურ კურსებს სპეციალობაში. თითოეული სტუდენტი ირჩევს ტექნიკურ არჩევით საგნებს, როგორებიცაა: VLSI-დიზაინი (მიკროჩიპების დიზაინი), ბიო-სამედიცინო აპარატურა, მიკროტალღების ტრანსმისია, საკომუნიკაციო სისტემები, ციფრული სიგნალების დამუშავება, მიკროპროცესორები, მულტიმედიური პროგრამირება, ენერგოსისტემების დიზაინი და ანალიზი, ოპტიკური ელექტრონიკა და კომპიუტერული ქსელები.

ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა დამამთავრებელი, „Capstone design“ სადიპლომო ნაშრომისთვის მოსამზადებელ კურსში მონაწილეობა, რომელიც აძლიერებს გუნდური მუშაობის, ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარებს და ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას.

დასაქმების შესაძლებლობები

STEM დარგებში დასაქმების და კარიერული ზრდის შესაძლებლობები მოიცავს ისეთ მაღალტექნოლოგიურ სექტორებს, როგორებიცაა:

  • ბიოტექნოლოგია
  • მობილური ტელეფონები და კომუნიკაცია, ტელეკომუნიკაციის ტექნოლოგიები
  • სამედიცინო მეცნიერებები (მედიცინა, ელექტრონული სამედიცინო დიაგნოსტირება)
  • ფარმაკოლოგია
  • ტრანსპორტის (საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო) ავტომატური სისტემები
  • კოსმოსური მოწყობილობები, აერონავტიკა, ასტრონომია
  • გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები
  • კვების მრეწველობის დისტანციური  მონიტორინგი და მოქმედებები
  • იურიდიული მეცნიერებები და კრიმინოლოგია
  • სამხედრო და თავდაცვის სისტემები

STEM-ის ძირითადი საგნები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა - ურთიერთდამოკიდებულია და ბევრ სხვა დისციპლინას უკავშირდება. STEM დარგების მრავალფეროვნება მოიცავს ინჟინერიის ყველა ასპექტს, ფინანსური სექტორის არასაინჟინრო ტექნიკურ მხარეებს, სტატისტიკას, რისკების შეფასებას და ბევრ სხვა სოციალურ მეცნიერებას, რომელთაც მათემატიკა და ანალიტიკური აზროვნება სჭირდება მონაცემთა სიმრავლეების გასაანალიზებლად. თანამედროვე ხელოვნებაც - მაგალითად, მუსიკა და შემოქმედებითი საქმიანობა - STEM-ის ცოდნასა და უნარებს ემყარება.

გაცვლითი პროგრამები

SDSU-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში.

სასწავლო გარემო

პროგრამებისთვის განკუთვნილი სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა და სტანდარტები, ასევე, სტუდენტებისათვის შეთავაზებული ტექნოლოგიები აშშ-ში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების შესაბამისია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და SDSU საქართველოს ახალი კამპუსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში 2017 წლის პირველი კვარტალიდან ახალი, ოთხსართულიანი (4000 კვ.მ.-ზე მეტი) კამპუსის მშენებლობას იწყებენ ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე).
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსდება SDSU-საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო ოთახები და ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.

 

* (ABET - საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის ამერიკის საბჭო, ACS - ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაცია, WASC - სკოლებისა და კოლეჯების დასავლეთის ასოციაცია)


სწრაფი ბმულები


საკონტაქტო ინფორმაცია:
☏ +995 32 229 08 20 
✉ georgiainfo@mail.sdsu.edu
facebook.com/sdsu.georgia
http://georgia.sdsu.edu/

ბანერები