მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემიოტიკის კვლევითი ცენტრი

ცენტრის შესახებ

სემიოტიკა თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ის, ერთი მხრივ, კვლევის მეთოდოლოგიაა და, მეორე მხრივ, დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგი. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, სემიოტიკა „პოსტმოდერნული სამყაროს გასაღებია“. მისი შესწავლითა და კვლევით მეცნიერება იარაღდება ხედვის ფართო და მრავალფეროვანი რაკურსით, რაც, თავის მხრივ, გვეხმარება სამყაროს ახსნასა და თვითშემეცნებაში. კერძო მეცნიერებების საზღვრები ირღვევა, ერწყმის ერთმანეთს, ირევა... ნიშნის საზღვრებიც „იშლება“ და საჭირო ხდება ახალი „პარამეტრების“ დადგენა, რადგან ძველ ახსნას უკვე „ჩიხში“ შეჰყავს არა მხოლოდ სამეცნიერო კომუნიკაცია, არამედ, კომუნიკაცია ადამიანთა შორის, ჯგუფებს შორის, სახელმწიფოებს შორის...

სემიოტიკის შესწავლის საგანია ნიშანი და ნიშანთა სისტემები. როდესაც კონკრეტული მეცნიერება აღწერს ნიშანს (ლინგვისტი, ფსიქოლოგი, ლოგიკოსი, კიბერნეტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე...), ასეთ შემთხვევაში, მეცნიერები შემოიფარგლებიან ნიშნის განსაზღვრის დროს კონკრეტული მეცნიერების მასალით, რის გამოც ნიშნის განსაზღვრა არაზუსტი და არასაკმარისია. სემიოტიკის კვლევის მიზანია, სხვადასხვა მეცნიერების გაერთიანებით გამოიმუშაოს ნიშნის შედარებით ზუსტი განსაზღვრა და დაადგინოს ის კანონები, რომლებითაც ნიშნები იმართება. „ენა საკუთარ სამყაროს ქმნის. ჩნდება კითხვა, თუ ენის მიერ შექმნილი სამყარო რამდენად ადეკვატურია ენის მიღმა არსებული სამყაროს მიმართ“.

სამყარო - ეს არის ენა ფართო გაგებით, ხოლო კულტურა განიხილება, როგორც ენათა კონგლომერატი. თავისი ენა აქვს ყველას და ყველაფერს: კინოს, თეატრს, ლიტერატურას, მხატვრობას, ჟესტებს და მიმიკას, ცხოველებს, ფრინველებს და მწერებს. ერთ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებსაც კი... სიყვარულის და სიძულვილის ენაც განსხვავებულია... იმისათვის, რომ ურთიერთგაგება შედგეს, ენა (ფართო გაგებით) უნდა ვისწავლოთ... კითხვაზე: რით ინარჩუნებს სემიოტიკა მომხიბვლელობას? ერთი პასუხია: სემიოტიკა ცხოვრებას უფრო „გასაგებს“ ხდის...

სემიოტიკის კვლევითი ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა 2006 წელს. ცენტრის მიზანია უნივერსიტეტში და, ზოგადად, ქართულ ჰუმანიტარულ სივრცეში, ახალი სამეცნიერო მიმართულების შემოტანა და კვლევის გააქტიურება, აგრეთვე, სემიოტიკური ხედვის ფორმირება სხვადასხვა პროექტითა და აქტივობით.

სემიოტიკის კვლევითი ცენტრის კვლევის ობიექტი - განსხვავებული სემიოტიკური სისტემები და მათი ურთიერთკვეთაა. კვლევის მიზანია, მიღებული შედეგებით გაფართოვდეს საზოგადოების ცოდნა და მეცნიერება მის სამსახურში ჩადგეს.

ბანერები