მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მუსიკის ცენტრი

მუსიკის ცენტრის შესახებ

ილიაუნის მუსიკის ცენტრი 2009 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანი სტუდენტისთვის ფართო, მრავალმხრივი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამუსიკო განათლების მიცემაა.

ცენტრი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამების მსგავს საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს. მუსიკის ცენტრის საბაკალავრო პროგრამებზე შეგიძლიათ შეისწავლოთ

  • ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკა; სპეციალურ სტუდიაში კომპიუტერული პროგრამების საშუალებით შექმნით საკუთარ ელექტროაკუსტიკურ კომპოზიციებს, ისწავლით კომპიუტერებით ცოცხალ მუზიცირებას, გაეცნობით როგორც ელექტროაკუსტიკური, ისე პოპულარული ელექტრონული მუსიკის ისტორიასა და ესთეტიკას;
  • თანამედროვე პოპულარული მუსიკა: ჯაზი და პოპი; შეგიძლიათ გახდეთ განათლებული, გემოვნებიანი ჯაზის ან/და პოპ-მომღერალი, ან ჯაზ-ორკესტრის საკრავებზე – ელექტრო ან ბას- გიტარაზე, დასარტყამებზე, საქსოფონზე თუ საყვირზე – შემსრულებელი;
  • ეთნომუსიკოლოგია; შეისწავლით ქართულ და მსოფლიოს სხვა ხალხთა მუსიკალურ ფოლკლორს, ქართულ საეკლესიო გალობას, მიიღებთ მონაწილეობას საველე-შემკრებლობით ექსპედიციებში და სხვ.;
  • კომპოზიცია; შექმნით საკუთარ მუსიკას, გაიცნობთ თანამედროვე პროფესიული (მათ შორის ქართული და კინოსა და თეატრის) მუსიკის მიმდინარეობებს და საუკეთესო ნიმუშებს, შეიძენთ გაორკესტრების პრაქტიკულ ცოდნას და შეისწავლით სხვადასხვა სანოტაციო და სარედაქტორო კოპიუტერულ პროგრამებს;
  • საშემსრულებლო ხელოვნება: ფორტეპიანო და ბაროკოს კლავიშიანები, რომელიც წარმოგიდგენთ სხვადასხვა ეპოქის - ბაროკოს, კლასიკური, რომანტიკული, თანამედროვე - საკლავიშო ხელოვნების თეორიასა და ისტორიას, გასწავლით მათთვის დამახასიათებელ საშემსრულებლო ხერხებს, ბაროკოს ეპოქის აუთენტიკური სანოტო ტექსტის გაშიფვრას, სოლო და ანსამბლში მუზიცირებას და სხვ.

მუსიკის ცენტრის ლექტორები დარგის საუკეთესო სპეციალისტები და გამოცდილი პედაგოგები არიან, მათ შორის ცენტრის დირექტორი და კომპოზიციის მიმართულების წამყვანი, პროფესორი მარინა ადამია. ელექტროაკუსტიკური მუსიკის ხელმძღვანელი რეზო კიკნაძე, ჯაზის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, დოქტორი ირინე ებრალიძე, ეთნომუსიკოლოგები, პროფესორები ნინო მახარაძე და თამაზ გაბისონია, პიანისტი, პროფესორი ნინო მამრაძე და ბაროკოს მუსიკის სპეციალისტი ქეთევან შენგელია, მუსიკისმცოდნე, დოცენტი მანანა კორძაია და სხვები.

ცენტრის აღზრდილებს დღეს უკვე წარმატებული კარიერა აქვთ. მათ შორის არიან ხმის დიზაინერი ბესო კაჭარავა, რომელიც საკუთარ, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას ხელმღვანელობს; ილიაუნის ლექტორი, ელექტროაკუსტიკური კომპოზიტორი ქუჯი დავითულიანი; ჯაზ-გიტარისტი და კომპოზიტორი სოსო გელოვანი, რომელიც ბერკლის სამუსიკო კოლეჯში აგრძელებს სწავლას; პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ნათია ბერაია, ჯაზის და პოპ-მომღერალი მიშო ელიავა, ეთნომუსიკოლოგი ნანა მჟავანაძე და მრავალი სხვა

ცენტრი აქტიურ საკონცერტო-საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწევა. ყოველსემესტრულად ტარდება სტუდენტების საანგარიშო კონცერტები. ამასთან ერთად, ცენტრი იწვევს საინტერესო მუსიკოსებს ღია ლექციების, კონცერტების, მასტერ-კლასების ჩასატარებლად. 2016 წელსაც ცენტრს ბევრი სტუმარი ჰყავდა. მათ შორის კლასიკური მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, ჯაზის და კლასიკური პიანისტები გიორგი მიქაძე და ზურაბ კობახიძე (აშშ), კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, რუსი პიანისტი სერგეი პეტრაკოვი, იაპონელი მევიოლინე კენ აისო, ნიდერლანდური გუნდი Barbers and Bishops, შვეიცარიელი ეთნომუსიკოლოგი თომას ჰოიზერმანი, ავსტრიელი ჯაზ-აკორდეონისტები ათანას დინოვსკი და პაულ შუბერტი, ჰააგის სამეფო კონსერვატორიის სტუდენტები და სხვ.

დაწვრილებითი ინფორმაცია მუსიკის ცენტრზე იხ. ქვემოთ:

ბანერები