მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებულ მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრში 2017 წელს აქტივობები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:

  • აკადემიური პუბლიკაცია

ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის და ნორვეგიის საგარეო ურთიერთობების სამინისტროს გრანტი პროექტ „კვლევა აკადემიის მიღმა: პოლიტიკის და კომუნიკაციების სწავლება საუნივერსიტეტო ჯგუფებისთვის“ ფარგლებში 2015-2016 წლებში განხორციელდა კვლევითი პროექტი „წარსულის ტყვეობაში: ქართველი დევნილების ჩახშული ხმები და სოციალური ინტეგრაციის დილემა“.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი აკადემიური პუბლიკაციის მომზადება იყო. 2017 წლის ზაფხულში სამეცნიერო სტატია ''Trapped in the past: memories of Georgian IDPs on the margins of society'' გამოსაქვეყნებლად მიიღო საერთაშორისო რეფერირებადმა აკადემიურმა ჟურნალმა ''Nationalities Papers''.

  • სამეცნიერო გრანტი

მიმდინარე წელს მეხსიერების კვლევების კაკვასიური ცენტრის წეევრებმა შეიტანეს განაცხადი და მოიპოვეს სშოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის. მის ფარგლებში 2018 წლის იანვრიდან იწყება პროექტის: „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ განხორციელება.

  • პროექტის ხელმძღვანელია მალხაზ თორია
  • პროექტის კოორდინატორი – კონსტანტინე ლადარია
  • წამყვანი ორგანიზაცია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თანამონაწილე ორგანიზაცია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ძირითადი პერსონალი – 10 მკვლევარი (მათ შორის: 7 მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, 3 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან)
  • პროექტის ხანგრძლივობა – 15/01/2018 – 15/01/2021

პროექტის ანოტაცია:

სიმბოლურად დამუხტული მეხსიერების ადგილები ქართული ნაციონალური და კულტურული იდენტობის სიმბოლური „არეებია“. აქ საუბარია ყველაფერზე, რაც ქართული იდენტობის მარკერებად შეიძლება მივიჩნიოთ. ყველაფერი ის, რაც, საბოლოო ჯამში, „ქართველობის“, როგორც „წარმოსახვითი“ ფენომენის და ქართული კოლექტური მეხსიერების „დაუნჯების“ ადგილებია. პიერ ნორას მეხსიერების ადგილების კონცეფცია ფართოა და გულისხმობს გეოგრაფიულ ადგილებს, მონუმენტებსა და ნაგებობებს, ლიტერატურულ ტექსტებსა და ხელოვნების ნიმუშებს, სახელმწიფო სიმბოლოებს (დროშა, ჰიმნი, გერბი); დღესასასწაულებს და ოფიციალურ რიტუალებს... ყველაფერ იმას, რითაც ხდება „ერის წარსულის“ კულტივირება და რეპრეზენტაცია. მეხსიერების ადგილებში ერის „კოლექტიური მემკვიდრეობა კრისტალიზებულია“. თუმცა მეხსიერების ადგილები არა მხოლოდ „კრავენ“ საზოგადოებას, არამედ, გარკვეული შემთხვევებში, კონკრეტული ერთობის ფრაგმენტაციას იწვევს.

პროექტის ფარგლებში ფოკუსი გაკეთდება საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე მეხსიერების ადგილების აღქმაზე სხვადასხვა პერსპექტივიდან: ცენტრი-რეგიონი, სოციალური ჯგუფები, უმცირესობები (რელიგიური, ეთნიკური თუ სხვ.) და ა. შ. ეს აღქმები ან ემთხვევა ერთმანეთს, ან განსხვავდება (ხშირ შემთხვევაში – რადიკალურად). გარკვეული ტიპის მეხსიერების ადგილებზე საზოგადოების შიგნით კონსენსუსი ძლიერია. თუმცა არ არსებობს ისეთი სიმბოლური ადგილი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა არ იყოს. კონსენსუსის თუ სხვაობის ხარისხი დამოკიდებულია პერსპექტივათა მრავალგვარობაზე. კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენელი მკვლევრები იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე:

  • საქართველოს, როგორც „ერთიანი და განუყოფელი“ ეროვნული და კულტურული სივრცის რეპრეზენტაცია ისტორიულ აზროვნებაში;
  • თბილისი, როგორც კულტურულ სამყაროთა გზაგასაყარი (ქართული და უცხოენოვანი დოკუმენტური ხატი);
  • წმინდა მეფეები – იდენტობის მარკერი;
  • მთაწმინდა როგორც თანამედროვე ქართული იდენტობის სიმბოლო;
  • ილია ჭავჭავაძის ფიგურა, როგორც მეხსიერების ადგილი;
  • სტალინის მახსოვრობა თანამედროვე საქართველოში;
  • საბჭოთა წარსულის მეხსიერება მასობრივი სამარხების, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის, ფილმ „მონანიების“ მაგალითებზე;
  • „მეხსიერების ადგილები“ სამშობლოს გარეთ: იდენტობის ტრანსფორმაცია ემიგრაციაში;
  • კალენდარი და სოციალური დრო.
ბანერები