მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განხორციელებული ღონისძიებები

განხორციელებული ღონისძიებები

განათლების სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

2018 წლის 4 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების სკოლის ინიციატივით გაიმართა 2016-2017 სასწავლო წლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. პროგრამა უნივერსიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება. აკადემიური ხარისხის მქონე პირისთვის, რომელსაც არ აქვს მასწავლებლობის უფლება, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლა ერთადერთი გზაა მასწავლებლის პროფესიის დასაუფლებლად. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი პროგრამის წარმატების საფუძველია.

სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამა

2018 წელს სასკოლო განათლების მხარდაჭერა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა და განათლების სკოლასთან თანამშრომლობით შემუშავდა „სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამა“. 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსთან“ თანამშრომლობით ანხორციელებს სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამას. 2018 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის პროფესორებმა რუსთავში, ახალციხეში, ფოთში, ბათუმში, ჭიათურაში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, თელავსა და ოზურგეთში ტრენინგები ჩაუტარეს იმ პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან კინგსის ოლიმპიადაზე.

პროექტი ASSET 

2017 წლის 14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს + პროექტის Assessment Tools for new learning environments in higher education institutions / ASSET წევრების პირველი შეხვედრა. პროექტის მიზანია, კონსორციუმმა შეიმუშავოს თითოეული სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული განმავითარებელი შეფასების ინოვაციური და შემოქმედებითი ინსტრუმენტები და მათი გამოყენებით ხელი შეუწყოს საუნივერსიტეტო სივრცეში სასწავლო გარემოსა და სწავლისა და სწავლების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებში

2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განახორციელა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის განვითარების საგრანტო პროექტი – მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებში. პროექტის მიზანია პრაქტიკოსი მასწავლებლის მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების, თვითშეფასებისა და კოლეგების ურთიერთშეფასების, პროფესიული განვითარების რელევანტური ღონისძიებების დაგეგმვის უნარების განვითარება, სამიზნე სკოლების შიგნით და სკოლებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 88 ტრენინგი და 88 ონლაინ სამუშაო შეხვედრა. პროექტის მონაწილე 1100 მასწავლებელმა ჩაატარა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გაკვეთილები და დაესწრო კოლეგის გაკვეთილს.

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა

2017 წლის 6 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა, განათლების ადმინისტრირებისა და სპეციალური განათლების პროგრამების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა. სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვას ესწრებოდნენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, განათლების მკვლევრები, სკოლის დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და ის პედაგოგები, რომლებიც პრაქტიკის კვლევაში იყვნენ ჩართულნი.

საზაფხულო სკოლა

ინსბრუკსა და თბილისს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში ინსბრუკის მერიის მიერ სტუდენტებისათვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა. პარტნიორი მხარეები: ინსბრუკის მერია, ინსბრუკის უნივერსიტეტის ენების ცენტრი და ედკც. თანამშრომლობენ 2015 წლიდან. სამიზნე ჯგუფი: გერმანული ენის მასწავლებლის მომზადებისა და გერმანისტიკის სტუდენტები. 2017 წელს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს მასწავლებლის მომზადების პროგრამის 5 და გერმანისტიკის 2 სტუდენტი. პროგრამა სრულად ფინანსდება ინსბრუკის მერიის მიერ.

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია 2017

2017 წლის 18 მაისს ევროპული სკოლის ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია თემაზე: „წარმატებული სასწავლო პრაქტიკა ტოლერანტობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ინიციატივების წახალისებისათვის“. კონფერენცია მიზნად ისახავდა სასწავლო პროცესში განხორციელებული წარმატებული გამოცდილების გაზიარებას. კონფერენცია გახსნეს ევროპული სკოლის დირექტორმა ნანა მოსიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის დირექტორმა სოფიკო ლობჟანიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამჭოლი კომპეტენციების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი. გამომსვლელებმა ისაუბრეს დღეს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობასა და მათი პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობის აუცილებლობაზე. ასევე ამ თვალსაზრისით სკოლებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლას, სკოლებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობის როლის შესახებ. კონფერენციამ მუშაობა განაგრძო სექციებში, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ, როგორც ევროპული სკოლის საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელები, ისე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს სექციის ხელმძღვანელებმა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა – მანანა ვარაზაშვილმა, ეკა ტყავაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტმა ნინო ბესელიამ. მათ ყურადღება გაამახვილეს მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომების მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარების, მსგავსი ტიპის შეხვედრების კიდევ უფრო გააქტიურებისა და წარმოდგენილი ნაშრომების ინტერნეტსივრცეში განთავსების აუცილებლობაზე. ეს  მასწავლებელთა ფართო აუდიტორიას წარმოდგენილი წარმატებული სასწავლო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.

ილიაუნის ტრენინგი ქუთაისელი მასწავლებლებისთვის

2017 წლის 25 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო ჭიაბრიშვილმა, ქუთაისის სკოლების პედაგოგებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე: „ეფექტური კომუნიკაცია“. ტრენინგს 35-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. მონაწილეებს გადაეცათ დამადასტურებელი სერტიფიკატები. პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კინგსი საქართველო • Kings Georgia-ის თანამშრომლობის ფარგლებში.

ტრენინგი ახალციხის სკოლის დირექტორებისთვის

2017 წლის 18 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფიკო ლობჟანიძემ ახალციხის სკოლების დირექტორებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე: „დირექტორის როლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საქმეში“. ტრენინგს 35-მდე სკოლის დირექტორი ესწრებოდა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია კინგსი საქართველო • Kings Georgia თანამშრომლობის ფარგლებში.

ტრენინგი სკოლის მასწავლებლებისთვის

2016 წლის 6 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია კინგსმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლამ ერთობლივი ტრენინგი ჩაატარეს სკოლის მასწავლებლებისთვის. ტრენინგის თემა: „ინტერკულტურული განათლება“, ტრენერები: ნინო ჭიაბრიშვილი, დავით მალაზონია. ტრენინგს 80-მდე მასწავლებელი დაესწრო. ამავე წლის 10 დეკემბერს პროფესორებმა ნინო ჭიაბრიშვილმა და დავით მალაზონიამ ზემოაღნიშნულ თემაზე ტრენინგი ჩაატარეს ახალციხეში სკოლის მასწავლებლებისთვისაც. ტრენინგის თემა: „ინტერკულტურული განათლება“, ტრენერები: ნინო ჭიაბრიშვილი, დავით მალაზონია

სემინარი ქართველ და ესტონელ განათლების სპეციალისტთა მონაწილეობით

2016 წლის 24-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ტარტუს და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების განათლების სკოლებისა და ესტონეთის მათემატიკოსთა ასოციაციის თანამშრომლობით გაიმართა სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სემინარი შემდეგ საკითხებზე:

  • მათემატიკური განათლების მიზნების ტრანსფორმაცია 21-ე საუკუნეში;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა მათემატიკის სწავლა-სწავლებაში;
  • კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ძირითადი პრიორიტეტები;
  • მასწავლებელთა მომზადების თანამედროვე საუნივერსიტეტო პროგრამები;
  • მოქმედ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ტრენინგები;
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები;
  • მათემატიკური განათლების ხარისხის საერთაშორისო კვლევები და ა.შ.

ილიაუნის განათლების სკოლის სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა

2016 წლის 13 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის განათლების სკოლის საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების, განათლების ადმინისტრირებისა და სპეციალური განათლების პროგრამების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია – 2016

2016 წლის 13 მაისს ევროპული სკოლის ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მხარდაჭერით გაიმართა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია თემაზე: „წარმატებული სასწავლო პრაქტიკა მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებისათვის“. კონფერენცია მიზნად ისახავდა სასწავლო პროცესში განხორციელებული წარმატებული გამოცდილების გაზიარებას. კონფერენცია გახსნა ევროპული სკოლის დირექტორმა ნანა მოსიძემ, მონაწილეებს მიესალმნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის დირექტორი სოფიკო ლობჟანიძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა. პლენარულ სხდომაზე მედიაწიგნიერების, ეკოწიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ექსპერტმა თამარ მოსიაშვილმა, ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორმა ნატო ინგოროყვამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ცირა ბარბაქაძემ. კონფერენციამ მუშაობა განაგრძო სექციებში, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ როგორც ევროპული სკოლის საგნობრივი კათედრის გამგეები, ისე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს სექციის ხელმძღვანელებმა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა – მარიკა კაპანაძემ,ცირა ბარბაქაძემ და გიორგი გახელაძემ, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტებმა – ნონა პოპიაშვილმა და ნინო მარღიშვილმა. მონაწილეებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ილიაუნის განათლების სკოლისა და კინგსის შეხვედრა მასწავლებლებთან

2016 წლის 16 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის განათლების სკოლამ და საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კინგსმა“ გამართა ერთობლივი შეხვედრა მასწავლებლებთან. შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლებისთვის მოეწყო სემინარი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან თემებზე. პედაგოგები გაეცნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს. სემინარს გაუძღვა ილიაუნის განათლების სკოლის ხელმძღვანელი სოფიკო ლობჟანიძე. მას ესწრებოდა 400-მდე მასწავლებელი. სემინარი ორ სესიად ჩატარდა, პირველი სესია: მასწავლებლის თვითშეფასება – პროფესიული განვითარების პირველი ნაბიჯი, მეორე სესია: მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში. აღნიშნული შეხვედრა დასაწყისია ტრენინგების ციკლისა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა და ორგანიზაცია „კინგსი“ სკოლის მასწავლებლებს ყოველთვიურად შესთავაზებენ და საშუალებას მისცემენ მათ, ინტერესთა მიხედვით დაკომპლექტებულ ჯგუფებში გაიარონ საგნობრივი ტრენინგები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/gonisdziebebi-346/iliaunis-ganatlebis-skolisa-da-kingsis-shexvedra-maswavleblebtan.page

სამეცნიერო კინფერენცია „ინტერკულტურული განათლების პრაქტიკა საქართველოს სკოლებში“

2016 წლის 31 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: „ინტერკულტურული განათლების პრაქტიკა საქართველოს სკოლებში“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ (FR/382/2-210/13) ფარგლებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და 40 სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2015 წლის 24 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და 40 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას შორის. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილებით ძალაში შევიდა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემა, რომელშიც ჩამოყალიბებულია მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების ახალი კონცეფცია, რომლის ძირითადი მიზანია პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების მომზადება მასწავლებლის პროფესიისათვის. სასკოლო ცხოვრების ყველა სფეროს გაცნობით მჭიდრო კავშირი უნდა დამყარდეს საუნივერსიტეტო განათლების თეორიულ ნაწილსა და სასკოლო ცხოვრების პრაქტიკულ ნაწილს შორის, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტს, შეძლოს თეორიული ცოდნის ტრანსფერი რეალურ სასწავლო გარემოში. აღნიშნული მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სქემის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და მასწავლებლის მომზადების პროგრამების შეუფერხებლად განხორციელებისკენ არის მიმართული.

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა

2015 წლის 16 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვის პლენარული სესია. სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, სკოლის დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკის კვლევაში ჩართული პედაგოგები.

 

ბანერები