მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური და უწყვეტი განათლება

განათლების სკოლის აკადემიური პროგრამები

განათლების სკოლა გთავაზობთ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს

საბაკალავრო საფეხური

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლის მომზადების პროგრამები

საბაკალავრო საფეხურის პროგრამების მიზანია, მოამზადოს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლები, რომლებსაც ექნებათ საგნის/დარგის ფართო ცოდნა და ეფექტური სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი უნარები.
დარგობრივ ცოდნასა და უნარებთან ერთად მასწავლებლის მომზადების პროგრამები უზრუნველყოფს სტუდენტებში გამჭოლი კომპეტენციების - ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედებისა და სხვა ისეთი უნარების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული მასწავლებლისთვის.

პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის შესაბამის საფეხურზე სწავლებას დარგის, მეთოდიკისა და პრაქტიკის უახლესი ცოდნის გამოყენებით.

უნივერსიტეტი გთავაზობთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლის მომზადების შემდეგ პროგრამებს:

ძირითადი (Major) პროგრამა - დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა (240 კრედიტი)

პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ცოდნა, გამოუმუშაოს უნარები და ჩამოუყალიბოს ღირებულებები, რომლებიც მას დაეხმარება მომავალ პედაგოგიურ საქმიანობაში, რათა მან ხელი შეუწყოს მოსწავლეს სკოლასთან ადაპტაციაში, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით სავსე ისეთ ინდივიდად ჩამოყალიბებაში, რომელიც გამორჩეული იქნება ძირითადი აკადემიური უნარებით, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებითა და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესით, ასევე - საკუთარი სწავლის პროცესის მართვისა და სოციალური უნარებით.

პროგრამა ამზადებს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს, რომელიც შეძლებს ასწავლოს I-VI კლასებში ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და კიდევ ერთი დამატებითი საგანი.

პროგრამის სტრუქტურა:

ძირითადი (Major) პროგრამა (ექვსი სემესტრი) - 180 კრედიტი;

საბაზისო მოდული (ორი სემესტრი) - 60 კრედიტი.


მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი, დამოუკიდებლად არსებული)

პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მომზადების პროგრამა;
ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის, მასწავლებლის მომზადების პროგრამა;
მათემატიკის მასწავლებლის მომზადების პროგრამა;
საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის მომზადების პროგრამა;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის მომზადების პროგრამა;
უცხო ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული) მასწავლებლის მომზადების პროგრამა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სტუდენტებს
მისცეს პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური და მეთოდური ცოდნა, გამოუმუშაოს ის
აუცილებელი უნარები და ღირებულებები, რომლებიც მას დაეხმარება თანამედროვე
მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, წარმართვაში,
რეფლექსიასა და შეფასებაში.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა სტუდენტს შეუძლია ძირითადი აკადემიური პროგრამის პარალელურად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს, ბაკალავრის დიპლომთან ერთად, გადაეცემა საბაზო-საშუალო სკოლის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის სერტიფიკატი.
შესაბამისი დარგის ბაკალავრის კომპეტენციის კომბინაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით მიღებულ კომპეტენციებთან უზრუნველყოფს კვალიფიციური მასწავლებლის მომზადებას.

მეორადი (Minor) პროგრამა - სკოლამდელი აღზრდა (60 კრედიტი)

პროგრამის მიზანია სკოლამდელ ასაკში ბავშვის განვითარებისა და განათლების საკითხების, თანამედროვე მიდგომებისა და მტკიცებულებებზე

დამყარებული სკოლამდელი განათლების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა/გააზრება; სკოლამდელი სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტიანად დაგეგმვის, მართვისა და განხორციელების პრაქტიკული უნარების გამომუშავება და განვითარება.

სამაგისტრო საფეხური

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის/ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების პროგრამა (120 კრედიტი)
პროგრამა შედგება შემდეგი მიმართულებებისგან:

  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის უცხოური ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) მასწავლებელი

სამაგისტრო საფეხურის აკადემიური პროგრამის მიზანია, მოამზადოს მკვლევარი მასწავლებლები, რომლებიც სამაგისტრო საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებენ აწარმოონ როგორც საკუთარი, ასევე ზოგადად სწავლა/სწავლების პროცესების კომპლექსური კვლევა, პედაგოგიური კვლევის საფუძველზე გადაამუშაონ სასწავლო პროგრამები კონკრეტული კლასის/საფეხურის და მოსწავლეების ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით და სისტემურად გამოიყენონ კვლევის შედეგები სკოლაში სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდა-გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიული ზრდისთვის.

პროგრამის სტრუქტურა:

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საერთო მოდული (60 კრედიტი)
მოდული შედგება 4 ბლოკისაგან:
პედაგოგიკა /ფსიქოლოგია (30 კრედიტი)
პედაგოგიური ეთიკა (6 კრედიტი)
სწავლების მეთოდიკა არჩეული მიმართულების მიხედვით (18 კრედიტი)
პედაგოგიური პრაქტიკა არჩეული მიმართულების მიხედვით (6 კრედიტი)

სპეციალიზაცია არჩეული მიმართულების მიხედვით (12 კრედიტი)
სამაგისტრო ნაშრომის მომზადების მოდული (30 კრედიტი)
საუნივერსიტეტო არჩევითი კურსები (18 კრედიტი)

განათლების ადმინისტრირების პროგრამა (120 კრედიტი)

განათლების ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას:

  1. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ადმინისტრირება (სწავლების ენა - ქართული);
  2.  უმაღლესი სკოლის ადმინისტრირება (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური).

განათლების ადმინისტრირების პროგრამის მიზანია საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროში ხელმძღვანელების/ადმინისტრატორების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემის მართვაში და საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის ეფექტურობის უზრუნველყოფაში.

პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარებასა და კვლევის კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე.

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა შექმნილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს განათლების მართვის პროექტის ფარგლებში კალიფორნიის უნივერსიტეტთან (UCLA - ლოს-ანჯელესი, აშშ) ერთად.

პროგრამის სტრუქტურა:

სავალდებულო ბლოკი (ორივე მიმართულებისთვის) - 60 კრედიტი
პროფესიული ბლოკი სკოლის ადმინისტრირებისათვის - 24 კრედიტი
პროფესიული ბლოკი უმაღლესი განათლების ადმინისტრირებისათვის - 24 კრედიტი
არჩევითი კურსების ბლოკი (ორივე მიმართულებისთვის) - 12 კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომის ბლოკი (სკოლის ადმინისტრირება) - 24 კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომის ბლოკი (უმაღლესი განათლება) - 24 კრედიტი


სპეციალური განათლების პროგრამა (132 კრედიტი)
სპეციალური განათლების პროგრამის მიზანია, მოამზადოს პროფესიონალი მასწავლებლები სპეციალური განათლების დარგში, რომლებიც ყველა ინდივიდს განიხილავენ როგორც განვითარების, სწავლისა და საზოგადოებაში პოზიტიური წვლილის შეტანის შესაძლებლობის მქონეს, და შეძლებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების ინტეგრაციის ხელშეწყობას საგანმანათლებლო პროცესში.

პროგრამა მიმართულია სპეციალური განათლების სფეროში კომპლექსური თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენა/განვითარებაზე. პროგრამის პრიორიტეტია
მაგისტრანტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სწავლების ეფექტური სტრატეგიების სწავლება და სპეციალური და ინკლუზიური განათლების პრაქტიკის კვლევა.

პროგრამის სტრუქტურა:

1. მასწავლებლის მომზადების ზოგადი ბლოკი (60 კრედიტი);

მოდულში შემოთავაზებული კურსებიდან სტუდენტებმა უნდა გაიარონ სავალდებულო სტატუსის ყველა კურსი (48 კრედიტი) და გაიარონ თითო სავალდებულო/არჩევითი სტატუსის კურსი მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებებიდან (12 კრედიტი).

2. სპეციალური მასწავლებლის მომზადების ბლოკი (72 კრედიტი)

- სპეციალიზაციის კურსების მოდული (42 კრედიტი)
- პრაქტიკის მოდული (18 კრედიტი)
- სამაგისტრო ნაშრომი (12 კრედიტი)

 

 

 

 


ბანერები