ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რექტორის მიმართვა

რექტორის მიმართვა

პროფესიის არჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა. არაა ადვილი, ადრეულ ასაკში განსაზღვრო, რა არის შენი ნამდვილი მოწოდება. სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის შემდეგი კითხვები დაუსვით საკუთარ თავს:

  • რის კეთება მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?
  • რას ვისწავლი? ვინ მასწავლის?
  • რა შედეგს მოველი ამა თუ იმ პროგრამის არჩევისას და ღირს თუ არა ეს შედეგი ჩემ მიერ გადახდილ თანხად?
  • მაძლევს თუ არა უნივერსიტეტი სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობას?
  • უნივერსიტეტი წარმატებულია მხოლოდ ადგილობრივ დონეზე თუ საერთაშორისო რეიტინგებშიც?
  • მაძლევს თუ არა უნივერსიტეტი დასაქმების შესაძლებლობას?
  • როგორ გარემოში ვისწავლი?

კიდევ რამდენიმე რჩევა:

  • გააკეთეთ დამოუკიდებელი არჩევანი.
  • თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული არჩევანის სისწორეში, აირჩიეთ ისეთი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ფართო განათლების მიღებას გთავაზობთ და გაძლევთ შესაძლებლობას, უკვე სწავლის პროცესში გააკეთოთ აქცენტი ვიწრო სპეციალიზაციაზე.

ილიაუნის საბაკალავრო პროგრამები ლიბერალური განათლების პრინციპებს ეფუძნება. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს:

  • ერთი მხრივ, ფართო განათლებას, რომელიც დაეხმარება მას მოვლენების ანალიტიკური განსჯისა და ღირებულებითი შეფასების, ასევე, ცოდნის სწრაფად განახლების უნარების ჩამოყალიბებაში;
  •  მეორე მხრივ, ღრმა ცოდნას იმ კონკრეტულ სფეროში, რომელსაც თავად აირჩევს.

პროგრამების ამ თავისებურების გამო, ილიაუნის კურსდამთავრებულები მზად არიან არა მხოლოდ პროფესიული კარიერისთვის, არამედ პიროვნული და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვისაც. შესაბამისად, ისინი ყალიბდებიან საზოგადოების ლიდერებად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ილიაუნიში სწავლა ხელმისაწვდომი იყოს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სასტიპენდიო ფონდი, რომელიც ყოველწლიურად ასობით წარმატებულ აბიტურიენტზე გასცემს სხვადასხვა ოდენობის სტიპენდიას. 2017 წლის სასტიპენდიო ფონდი 150 000 ლარზე მეტია. უნივერსიტეტში, ასევე, მოქმედებს სწავლის საფასურის სტუდენტზე მორგებული გრაფიკი.

ილიაუნიში ასწავლიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში აღიარებული მკვლევრები და პროფესორები. სწორედ ჩვენი მკვლევრებისა და მათი საერთაშორისო დონის მნიშვნელობის მქონე ნაშრომების დამსახურებაა ილიაუნის ლიდერული პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ათამდე საერთაშორისო მსხვილი ასოციაციის წევრია; თანამშრომლობს მსოფლიოში აღიარებულ მრავალ უნივერსიტეტთან თუ კვლევით ინსტიტუტთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების მრავალფეროვან არჩევანს.

შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ. გისურვებთ წარმატებებს!

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

 გიგა ზედანია

ბანერები